Georgian News

Just another WordPress.com site

გლობალიზაცია, ვესტერნიზაცია და მოდერნიზაცია

Posted by anaanuki888 on January 18, 2011

 

გლობალიზაცია, ვესტერნიზაცია და მოდერნიზაცია
 

 
პროცესი, პრობლემები და შედეგი
დღესდღეობით “გლობალიზაცია” როგორც ტერმინი, როგორც კონცეფცია, თუ უბრალოდ როგორც ლოზუნგი უფრო ხშირად გამოიყენება მთელს მსოფლიოში ვიდრე სხვა რომელიმე სიტყვა.

ერთნი გლობალიზაციას, როგორც ტრაგიკულ პროცესს ისე აღიქვამენ და მას სწრაფმავალ მატარებელს ადარებენ, რომელიც თავის გზაზე ყველას და ყველაფერს განურჩევლად ანადგურებს. მეორენი კი ფიქრობენ, რომ ეს პროცესი უცილობლად კეთილისმომტანი იქნება მსოფლიო კაცობრიობისთვის და ცდილობენ, რაც შეიძლება მალე დაიკავონ ადგილები “მატარებელზე”, რომელიც მათ ეკონომიკურ ზრდასა და მოდერნიზაციამდე მიიყვანს.

რაც შეეხება გლობალიზაციის კონცეფციის ჩამოყალიბებას, ერთი შეხედვით მას ძალიან მოკლე ისტორია აქვს. როგორც წესი სოციალურ მეცნიერებებში ძალზედ რთულია ტერმინის ზუსტი წარმოშობის განსაზღვრა, თუმცა მნიშვნელოვანია რომ ზემოთ აღნიშნული ტერმინის განმარტება პირველად 1994 წელს გამოშვებულ ოქსფორდის სოციოლოგიის ლექსიკონში გვხვდება. ლექსიკონის მიხედვით, გლობალიზაცია არის თეორია, რომელიც ცდილობს შეისწავლოს გლობალურ კულტურათა სისტემის ჩამოყალიბება. მაგრამ ამასთან ყურადსაღებია ისიც, რომ ეს ტერმინი ჯერ კიდევ 1966 წელს გამოიყენა ჟურნალისტმა ვ.ე. მურმა (Mოორე ჭ.E.) სოციოლოგიის ამერიკულ ჟურნალში დაბეჭდილ სტატიაში “გლობალური სოციოლოგია: მსოფლიო როგორც ერთიანი სისტემა”. ზოგიერთი მეცნიერი კი იმასაც ამტკიცებს რომ იბნ ხალდუნი (1332-1406) ავტორი წიგნისა “უნივერსალური ისტორიის პროლეგომენონი” იყო პირველი, ვინც გლობალიზაციის კონცეფციას ჩაუყარა საფუძველი. ასე რომ შეიძლება დავასკვნათ, რომ გლობალიზაცია, როგორც სოციალური პროცესი, საკმაოდ ძველია და უფრო გრძელი ისტორია აქვს ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია. ისტორიიდან უამრავი მაგალითის მოყვანა შეიძლება იმის შესახებ, თუ როგორ ავრცელებდნენ სხვდასხვა კულტურას თუ რელიგიას ამ თუ იმ ქვეყანაში ჩასული ვაჭრები.

ჰოლანდიელი მეცნიერის ნედერვეენ პიტერსის მიხედვით, დღესდღეობით კულტურათა გლობალიზაციის პროცესისადმი 3 დამოკიდებულება არსებობს. პირველი პირდაპირ გულისხმობს სხვადასხვა კულტურათა შეუთავსებლობას, ან უბრალოდ ცივილიზაციათა შეჯახებას, როგორც ეს კლასიკური გაგებით სემუელ ჰანთინგთონმა დაახასიათა თავის ცნობილ წიგნში. მეორე შეხედულება ამ პროცესს ე.წ. “მაკდონალდიზაციის” ჭრილში განიხილავს, რომლის მიხედვითაც გლობალიზაცია გულისხმობს კულტურათა ჰომოგენიზაციას და საბოლოოდ ერთი კულტურის დომინირებას, რომელიც აღმოფხვრის განსხვავებას ადგილობრივ კულტურათა შორის. რაც შეეხება მესამე დამოკიდებულებას, მას შეიძლება დავარქვათ სინთეზი ან ჰიბრიდიზაცია -კაცობრიობის ევოლუციის ერთ-ერთი ეტაპი, რომელიც წარმოუდგენელია განსხვავებულ კულტურათა ურთიერთობისა და თანამშრომლობის გარეშე. ეს პროცესი “ურთიერთგამოკვების” და აზრთა შეხედულებათა გაცვლა-გამოცვლის პრინციპზეა აგებული.

ასეთი განსხვავებაა სამივე შეხედულებას შორის, თუმცა სამივე მათგანი ყურადსაღებია, რადგან თითოეულს მსოფლიოში უამრავი ადამიანი იზიარებს.

გლობალიზაცია და ვესტერნიზაცია.

ზოგიერთი ავტორი გლობალიზაციის პროცესს განიხილავს, როგორც მთელს მსოფლიოში დასავლური კულტურის გავრცელებას ანუ ვესტერნიზაციას. თუმცა ეს 2 ცნება სულაც არ არის იდენტური და შეიძლება ითქვას, რომ სიმართლეს მხოლოდ ნაწილობრივ შეესაბამება. ერთი შეხედვით მთელს მსოფლიოში დასავლური კულტურის და განსაკუთრებით პოპ-კულტურის გავრცელება თითქოს ამაზე მიანიშნებს, დღეს თითქმის ყველა ქვეყანაში გასხვავებული ერის წარმომადგენლები იცვამენ ერთსა და იმავე ბრენდის სამოსს, უსმენენ მსგავს მუსიკას, მიირთმევენ ჰამბურგერს მაკდონალდსში, უყურებენ სიმფსონებს და ა.შ. თუმცა თუ მთელ ამ პროცესს უფრო დეტალურად შევისწავლით, დავინახავთ, რომ თითოეული ზემოთ მოყვანილი მაგალითი განსხვავებულად აღიქმება სხვადასხვა საზოგადოებებში, კლასებსა და ასაკობრივ ჯგუფებში. ამა თუ იმ ქვეყნის ბაზარზე თითქმის ყველა პროდუქტი შედის და მარკეტინგულად იფუთება ადგილობრივი მოთხოვნილებების, ტრადიციებისა და შეხედულებების შესაბამისად. ადგილობრივი კულტურის უცოდინრობამ შეიძლება მწარმოებელი კრახამდე მიიყვენოს. ამის ნათელი მაგალითი შეიძლება მოვიყვანოთ საუდის არაბეთის ახლო წარსულიდან, როდესაც ერთ-ერთი წამლის მწარმოებელმა ადგილობრივ ბაზარზე შესვლისას რეკლამად დასავლური ბაზრებისთვის განკუთვნილი ბილბორდი გამოიყენა. ამ პლაკატზე იყო 3 ფოტო, პირველზე თავის  ტკივილით გატანჯული ქალი, მეორეზე თუ როგორ სვამს ეს ქალი წამალს და მესამეზე ქალბატონის გაღიმებული სახე, როცა ყველა ტკივილი წარსულს ჩაბარდა. მწარმოებლებს გამორჩათ იმის გათვალისწინება, რომ არაბულ ქვეყნებში მარჯვნიდან მარცხნივ კითხულობენ და არა პირიქით, შედეგი კი ადვილი წარმოსადგენია.

ასევე მნიშვნელოვანია განვსაზღვროთ ვესტერნიზაციისა და მოდერნიზაციის ურთიერთდამოკიდებულება. მოდერნიზაცია შეიძლება დავახასიათოთ, როგორც ევოლუციის ერთგვარი მოდელი, რომელიც ამტიცებს რომ ყველა საზოგადოებამ უნდა გადადგას შემდეგი ნაბიჯი ბარბაროსობიდან განვითარებისა და ცივილიზაციისაკენ. მის მიხედვით რაც უფრო მოდერნიზებულია სახელმწიფო, მით უფრო მდიდარი და ძლიერია ის, ხოლო მისი მოქალაქეები უფრო თავისუფალნი და ბედნიერნი არიან.

ტალკოტ პარსონსმა ჩამოაყალიბა თეორია რომელიც ხაზს უსვამს საზოგადოების გახსნილობის მნიშვნელობას მისივე მომავალი განვითარებისთვის. თეორიის მიხედვით “ტრადიციის შენარჩუნება ტრადიციის გადასარჩენად” ეწინააღმდეგება პროგრესსა და განვითარებას.

თუმცა მოგვიანებით ეს შეხედულება საკმაოდ დიდი კრიტიკის საგანი გახდა, რადგან ის აიგივებდა მოდერნიზაციას ვესტერნიზაციასთან. ამ მოდელის მიხედვით საზოგადოების მოდერნიზაცია გულისხმობდა ადგილობრივი კულტურის განადგურებას და მის ჩანაცვლებას დასავლური ღირებულებებით. ეს თეორია ჭეშმარიტად მოდერნიზებულად მხოლოდ დასავლურ კულტურასა და საზოგადოებას მიიჩნევს. თუმცა მისი ოპონენტები ამტკიცებენ, რომ მოდერნიზაცია და კულტურა ერთმანეთისგან დამოუკიდებელი და გამიჯნული ცნებებია, შესაბამისად მოდერნიზაცია შეიძლება მივუსადაგოთ ნებისმიერი ტიპის  საზოგადოებას. იაპონია მაგალითად მოჰყავთ ორივე მიმდინარეობის მხარდამჭერებს. ერთნი მას მიიჩნევენ როგორც მტკიცებულებას იმისა, თუ როგორ შეიძლება მოდერნიზებული ცხოვრების წესი დაინერგოს არადასავლურ საზოგადოებაში. მეორენი კი ამტკიცებენ, რომ მოდერნიზაციის შემდეგ იაპონია მნიშვნელოვნად დაუახლოვდა დასავლურ ღირებულებებს და შესაბამისად მას ხშირად დასავლური კულტურის ჭრილშიც განიხილავენ.
გლობალური ინტეგრაცია და თავისუფალი ვაჭრობა.

გლობალური ინტეგრაციის ერთ-ერთი დადებით მხარეს წარმოადგენს საერთაშორისო ვაჭრობის წახალისება, რაც თითოეულ ქვეყანას აძლევს შესაძლებლობას დასპეციალდეს იმ პროდუქციისა და მომსახურების მიმართულებით, რომელიც მას უფრო ეფექტურად შეუძლია აწარმოოს, გამოიყენებს რა არსებულ რესურსებს რაციონალურად. მას შეუძლია გაცვალოს ისინი იმ საქონელსა და მომსახურებაზე, რომლებიც სხვა ქვეყნებს შეუძლიათ აწარმოონ ნაკლები ალტერნატიული ღირებულებით. გლობალიზაცია საშუალებას აძლევს მოსახლეობას ისარგებლონ ამგვარი ვაჭრობით, დაკმაყოფილდება რა მომხმარებელთა მოთხოვნები ყველაზე ეფექტური გზითა და მსოფლიო რესურსების რაციონალური გამოყენებით. ყოველივე ეს იწვევს მსოფლიოში სიმდიდრის ზრდასა და ცხოვრების სტანდარტის ამაღლებას. გლობალიზაცია ხელს უშლის ადგილობრივი მონოპოლიების წარმოქმნასა და ზრდას. გარდა ამისა, გლობალური ინტეგრაცია ზრდის კონკურენციას ფირმებს შორის და უბიძგებს მათ ახალ გლობალურ ეკონომიკაში გადარჩენისათვის მიმართონ ინოვაციებს, გამოიყენონ და დანერგონ უახლესი ტექნოლოგიები, რაც საბოლოო ჯამში მომხმარებლისათვის არის სასარგებლო. თავისუფალი ვაჭრობა საშუალებას იძლევა გავათანაბროთ სხვადასხვა ადამიანებისა და ქვეყნების შესაძლებლობები, რათა მათ თავისუფლად შექმნან ის საქონელი და მომსახურება, რომელსაც ბაზარზე გაიტანენ. ხშირად როდესაც პოლიტიკოსები თავისუფალი ვაჭრობის პრინციპს აკრიტიკებენ, ცდილობენ ახსნან, რომ თუ მთავრობა არ აკრძალავს ან შეზღუდავს ზოგიერთი პროდუქციის შემოტანას ქვეყანაში, მაშინ ამ პროდუქციის წარმოება არახელსაყრელი გახდება და საწარმოები დაიხურებიან. ამას პროტექციონიზმს – დაცვით პლიტიკას უწოდებენ. მეორეს მხრივ კი, თუ უცხოური იაფი საქონლის შემოტანა შეიზღუდება ადგილობრივად წარმოებული საქონლის იაფად გაყიდვას აზრი დაეკარგება არაკონკურენტული გარემოს გამო, რაც საბოლოოდ მომხმარებლის ჯიბეზე აისახება. პროტექციონიზმის პოლიტიკას ჯერ კიდევ წინა საუკუნეებში ებრძოდნენ. ყველაზე კარგად კი ეს გამოიხატა ამერიკელი ეკონომისტის, ჰენრი ჯორჯის შემდეგ მოსაზრებაში: “პროტექციონიზმი გვასწავლის რომ საკუთარ თავს მშვიდობის პირობებში გავუკეთოთ ის, რასაც მტერი გაგვიკეთებდა ომის დროს”.

გლობალიზაციის გავლენა ასევე შესაძელებელია ვნახოთ სავალუტო სფეროში – პრაქტიკულად ყველა სახელმწიფოში შევხვდებით სხვადასხვა ქვეყნების ფულადი ერთეულების გადამცვლელ პუნქტებსა და ბანკებს, რომლებიც მარტივად ახდენენ ვალუტის ადგილობრივ ფულის ნიშნებში გადაყვანას. ეს შესაძლებელს ხდის ვამოძრაოთ ჩვენი ფინანსური რესურსები განსაკუთრებლი წინააღმდეგობების გარეშე. ამ სფეროში გლობალიზაციის შედეგები კიდევ უფრო კარგად ჩანს თუ დავაკვირდებით სავალუტო, საფინანსო ან სასაქონლო ბირჟების ყოველსაათობრივ ინფორმაციას – მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, ნიუ-იორკის, ლონდონისა და ტოკიოს ბირჟებზე დოლარის კურსი სხვა ვალუტებთან ან საქონლის ფასები პრაქტიკულად ერთნაირია, რაც მიიღწევა ინფორმაციის სწრაფი გავრცელებითა და თანამედროვე ტექნოლოგიებით. ფინანსური რესურსების გადაადგილება – ეს პროცესი იმდენად სწრაფია, რომ საერთოდაც აღარ იგრძნობა დროის რა მონაკვეთში მოხდა. დაახლოებით ასევე ხდება საქონლის ბირჟებზეც – თანამედროვე საინფორმაციო საშუალებები იძლევა საშუალებას სწორად განვსაზღვროთ ამა თუ იმ საქონლის მარაგებისა და წარმოების ზომები, შესაბამისად კი მოვახდინოთ მასზე მოთხოვნისა და ფასის პროგნოზირება. ამრიგად, გლობალიზაციის პირობებში რესურსების გამოყენება გაცილებით უფრო გამარტივდა და ხელმისაწვდომი გახდა.

მიჩნეულია, რომ ეკონომიკური ინტეგრაცია ხელს უწყობს მსოფლიოში მშვიდობისა და დემოკრატიის შენარჩუნებას. ეს მოსაზრება ეფუძნება შეხედულებას, რომ ვაჭრობის ორმხრივი სარგებლიანობა სტიმულს აძლევს ქვეყნებს შეინარჩუნონ სტაბილური და მშვიდობიანი ურთიერთობანი, ვიდრე გაუთვალისწინებელი უწესრიგობისა და არასტაბილურობის შედეგად ნახონ წაგება ან სარგებლის მნიშვნელოვანი შემცირება.

მეორე მხრივ, გლობალიზაციის მოწინააღმდეგენი თვლიან, რომ გლობალიზაცია აღრმავებს უთანასწორობასა და სიღარიბეს მსოფლიოში. ჭორლდ Eცონომიც Oუტლოოკ-ის მიხედვით, რომელიც ეფუძნება 42 ქვეყნის მდგომარეობის შესახებ მონაცემებს და რომელშიც მსოფლიო მოსახლეობის 90% ცხოვრობს, მდიდარი და ღარიბი ქვეყნების შემოსავლებს შორის სხვაობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. XX საუკუნის განმავლობაში მდიდარმა სახელმწიფოებმა გაზარდეს მთლიანი შიდა პროდუქტი თითქმის 6-ჯერ, მაშინ როდესაც ღარიბმა ქვეყნებმა მთლიანი შიდა პროდუქტის გაზრდა 3-ჯერაც კი ვერ მოახერხეს. გლობალიზაციის მოწინააღმდეგენი თვლიან, რომ გლობალიზაციის პროცესი საფრთხის ქვეშ აყენებს ქვეყნების დამოუკიდებლობას,  რამდენადაც ამ უკანასკნელებმა განხორციელებული პოლიტიკა უნდა შეუსაბამონ მსოფლიო ინტეგრაციის მოთხოვნებს.

გლობალიზაციის მეორე უარყოფითი ასპექტი ეხება უმუშევრობას. ახალი ეკონომიკური წყობა საშუალებას აძლევს ფირმებს გაიტანონ თავიანთი წარმოება ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ამით მოახდინონ უცხო მუშახელის დაქირავება, რომელიც უფრო მაღალკვალიფიციურია, ვიდრე ადგილობრივი. საბოლოო ჯამში ეს გამოიწვევს ადგილობრივ და ნაკლებკვალიფიციურ მუშახელზე მოთხოვნის შემცირებასა და გართულებებს სამუშაო ბაზარზე.

გლობალიზაციის მოწინააღმდეგენი ეჭვქვეშ აყენებენ იმ მოსაზრებას, რომ ეკონომიკურ ზრდას ზღვარი არ გააჩნია. ისინი აცხადებენ, რომ ეკოსისტემების მდგომარეობა საშუალებას არ მისცემს მსოფლიო ეკონომიკას განუხრელად ზრდის ფაზაში იმყოფებოდეს. ზოგიერთი მათგანი იმასაც აცხადებს, რომ გლობალური ინტეგრაცია, თავისუფალი ვაჭრობა და მსოფლიო მასშტაბის კონკურენცია უსამართლობას ეფუძნება. მხოლოდ ეკონომიკურად წინწასულ ქვეყნებს შეუძლიათ ამგავარი ინტეგრაციით სარგებლის ნახვა.

მათ საწინააღმდეგოდ გლობალიზაციის მომხრენი ამტკიცებენ, რომ ყველა ეს ნეგატიური პროცესი მაინც მოხდება გლობალიზაციასთან ერთად თუ მის გარეშე. უბრალოდ გლობალიზაცია აიოლებს ამ პროცესებს ამცირებს რა მათ დამანგრეველ მოქმედებს მსოფლიო ეკონომიკაზე, როგორც ერთ ინტეგრირებულ მთლიანობაზე.

ინტეგრაციისას ეკონომიკური ზრდა, დასაქმება და საცხოვრებელი პირობები უფრო მაღალია, ვიდრე ეს იქნებოდა მის გარეშე, ჩაკეტილ ეკონომიკაში. სარგებლიანობა გლობალიზაციის პროცესიდან უფრო დიდია, ვიდრე მისით გამოწვეული დანაკარგები.

გლობალიზაცია და საერთაშორისო ინსტიტუტები

გლობალიზაციის პროცესის განხილვა არასრული იქნებოდა ისეთ საერთაშორისო ინსტიტუტებზე საუბრის გარეშე, როგორებიცაა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი და ა.შ. ეს ინსტიტუტები თავიანთი მისიით გლობალური ეკონომიკური პროცესების დახვეწასა და ხელშეწყობას ემსახურებიან, რათა შემცირდეს ეკონომიკური კრიზისების ალბათობა და ხელი შეეწყოს საერთაშორისო თანამშრომლობას. სამწუხაროდ ხშირად ხდება, რომ ამ ორგანიზაციების კეთილი ზრახვები ასეთივე კარგი შედეგებით არ სრულდება, რის გამოც ისევ გლობალიზაციას უყენებენ პრეტენზიებს, თითქოს რომ არა გლობალიზაცია, ეს ინსტიტუტები არ იარსებებდნენ და არც პრობლემები იქნებოდა. ანტიგლობალისტები განსაკუთრებულად ხაზს უსვამენ სხვადასხვა სახელმწიფოების ეკონომიკურ სისტემათა ურთიერთდამოკიდებულებას და მას მთავარ პრობლემად ასახელებენ. სულ ახლახანს კი მათ არგუმენტებს უკანასკნელი ფინანსური კრიზისიც შეემატა – მათი მტკიცებით ამერიკის ეკონომიკაში გაჩენილმა პრობლემებმა მთელი მსოფლიო ჩაითრია ფინანსურ კრიზისში, რაც ცხადყოფს გლობალიზაციის ნეგატიურ გავლენას ნებისმიერ სფეროზე. თუმცა მათი ოპონენტები ასევე ამტკიცებენ, რომ მსოფლიო ეკონომიკური სისტემები მეტ-ნაკლებად დამოკიდებულნი გლობალიზაციის გარეშეც იქნებოდნენ და შესაბამისად კრიზისის გავრცელება გარდაუვალი იქნებოდა ნებისმიერ შემთხვევაში.

განსაკუთრებით ბევრი პრეტენზია ისმის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (ჭთO) მიმართ, რომელიც ერთის მხრივ სავაჭრო ბარიერების მოხსნის მოწოდებით გამოდის, თუმცა მეორეს მხრივ ვერ ახერხებს ყველაზე დიდი “მოვაჭრეების” – ევროპის (რომელი ერთ მთლიან სუბიექტადაა წარმოდგენილი), აშშ-ს, კანადისა და იაპონიის იძულებას ბოლომდე გახსნან საკუთარი ბაზრები სხვა ქვეყნებისთვის. პირიქით, ცნობილია ფაქტები, როდესაც ეს ქვეყნები აქტიურად იცავდნენ თავს ახალი კონკურენტების “თავდასხმებისან”. თუმცა მათ გასამართლებელ არგუმენტად ისიც შეიძლება მოვიყვანოთ, რომ არ სურთ უხარისხო პროდუქცია, რომელიც ხშირად განვითარებად ქვეყნებში იწარმოება, შევიდეს მათ ბაზარზე.  ნებისმიერ შემთხვევაში უმჯობესია “ჩამორჩენილმა” ქვეყნებმა ისევ საკუთარი განვითარებისთვის, იზრუნონ ვიდრე სხვათა იძულებისთვის.

ჭთO-სგან განსხვავებით სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი განვითარებად სახელმწიფოთა საქმეებში პირდაპირი ფინანსური ჩარევით ცდილობენ მათ დახმარებას. თუმცა ხშირად ამ საერთაშორისო დახმარებას წარმატებები არ მოჰყვება და პირიქით უკუეფექტსაც იძლევა –  იმის ნაცვლად რომ მან უზრუნველყოს განვითარებადი ქვეყნების ღარიბი მოსახლეობის მდგომარეობის გაუმჯობესება, ისინი ძირითადად მთავრობებს “ეხმარებიან”. ამის მიზეზი ქვეყნებში არსებული გაუმჭვირვალე შიდა პოლიტიკა და კორუფციაა, რასაც შედეგად მოჰყვება გამოყოფილი საერთაშორისო დახმარების არასამართლიანად გადანაწილება. ამ ინსტიტუტების ზოგიერთი არაეფექტური დახმარების გამო, ხშირად ისევ გლობალიზაციას ადანაშაულებენ, თუმცა მე ვფიქრობ ცხადია, რომ პრობლემა არა გლობალიზაციაში არამედ თავად ამ ქვეყნებშია.
გლობალიზაცია და ტრანსნაციონალური კორპორაციები

ტრანსნაციონალური კორპორაციები (ტნკ) არ არიან შეზღუდულნი არც თავიანთი საქმიანობის არეალში და არც რესურსების მოზიდვის თვალსაზრისით მათ შორის იმ ქვეყნებიდან, რომლებიც მხოლოდ ახლა დაადგნენ განვითარების გზას. ეს წარმოშობს სხვა ტიპის შიშებს იმის შესახებ, რომ ასეთი კორპორაციების შემოსავალი ხშირ შემთხვევაში აღემატება ზოგიერთი მცირე ქვეყნის არამარტო ბიუჯეტს, არამედ მთლიან შემოსავალს. ამის გამო შიშობენ, რომ მათ ადვილად შეუძლიათ მოიპოვონ რეალური კონტროლი პოლიტიკურ ხელისუფლებასა და რესურსებზე. ტნკ-ებს ასევე ადანაშაულებენ ადგილობრივი წარმოების დათრგუნვაში და უცხოური პროდუქციის თავზე მოხვევაში.

რეალურად ტრანსნაციონალური კორპორაციები ჩვეულებრივი კომპანიებია, მოგების მიღების ლოგიკური მისწრაფებებით. მათი მისია შესაძლოა არ ამოიწურება მხოლოდ მოგების ნახვით და არც იმის მტკიცება შეილება რომ მათ მხოლოდ “კეთილი ზრახვები” ამოძრავებთ, თუმცა მათი სურვილები ყოველთვისაა შეზღუდული კონკურენციით, ხოლო მათ მიერ შეტანილი წვლილი ზოგიერთი ქვეყნის ეკონომიკაში ხშირ შემთხვევაში არსებითია. თუნდაც თუ გავიხსენებთ მაკდონალდსის შემოსვლას საქართველოში, მას საზოგადოების გარკვეული ნაწილი კრიტიკით შეხვდა, თუმცა მის მიერ შემოტანილმა მომსახურებისა და ხარისხის სტანდარტმა საკმაოდ დადებითი გავლენა მოახდინა ზოგადად ქართული რესტორნების ბიზნესზე, განსაკუთრებით კი “სწრაფი კვების” სფეროში.

ზოგიერთ შემთხვევაში ეს კომპანიები ახალ წარმოებებს სწორედ დაბალგანვითარებულ ქვეყნებში ხსნიან, რაც ამ ქვეყანაში ახალ სამუშაო ადგილებს აჩენს, თუმცა ამის გამო კომპანიები კრიტიკის ქარ-ცეცხლში ამჯერად  საკუთარ ქვეყნებში ექცევიან. მაგალითად, ცნობილია პოლიტიკური დებატები გერმანიაში ფოლკსვაგენთან დაკავშირებით პოლონეთში ახალი საწარმოს გახსნის წინააღმდეგ.
გლობალიზაცია და ბუნება

გლობალიზაციის განხილვისას ერთ-ერთ ყველაზე რთულ საკითხს წარმოადგენს გარემოს დაცვითი საკითხი. ამ შემთხვევაში უფრო სწორი იქნებოდა, რომ ვისაუბროთ ზოგადად ეკონომიკური განვითარებისა და გარემოს დაზიანების კავშირზე. გარემოს დამცველები მთელს მსოფლიში განსაკუთრებით უსვამენ ხაზს ინდუსტრიულ წნეხს გარემოზე. ასეთი ადამიანები აქტიურად უჭერენ მხარს სხვადასხვა შეზღუდვების დაწესებას ეკონომიკურ საქმიანობაზე. მაგალითად კალიფორნიის შტატში დაწესებულმა შეზღუდვამ აეშენებინათ ახალი ატომური, ჰიდრო თუ ნებისმიერი სხვა ელექტროსადგურები, მოსახლეობის ზრდის დიდი ტემპის პარალელურად მნიშვნელოვანი ენერგოკრიზისი გამოიწვია.

გარემოსდამცველები ასევე გამუდმებით საუბრობენ გლობალური დათბობის შესახებ, რომელიც მათი მტკიცებით გამოწვეულია უფრო და უფრო მეტი ნივთიერების ჰაერში გამოფრქვევით, რომლებიც იწვევენ მისი ტემპერატურის ზრდას, შემდგომი გართულებებით. გლობალური დათბობის პრობლემა არ შეიძლება უარყოფილ იქნას, თუმცა მისი ინდუსტრიული განვითარებით გამოწვევის მიზეზს ბევრი სკეპტიკურად უყურებს. ისინი ამტკიცებენ, რომ ტემპერატურის ცვლილებები დედამიწაზე ყოველთვის ხდებოდა და დღესაც მიმდინარეობს, რასაც კავშირი არ აქვს ინდუსტრიალიზაციასთან და მავნე ნივთიერებების გამოწვევასთან.

თუმცა ისიც ფაქტია, რომ გამოკვლევები ადასტურებს ურთიერთდამოკიდებულებას მავნე ნივთიერებების გამოფრქვევასა და კეთილდღეობას შორის. გარემოს დაბინძურება იზრდება კეთილდღეობის გარკვეულ ზომამდე, ხოლო შემდეგ როდესაც მაქსიმუმს მიაღწევს  იწყებს შემცირებას. ეს ნიშნავს იმას, რომ გარემოს დაბინძურება უფრო მეტადაა მოსალოდნელი ღარიბ, ვიდრე მდიდარ ქვეყნებში. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ დღესდღეობით განვითარებულ ქვეყნებში მაქსიმალურად ცდილობენ ისეთი ტექნოლოგიების გამოგონებას და გამოყენებას, რომელსაც გარემოს დაბინძურება მინიმუმადე დაჰყავს, რასაც ვერ ახერხებენ ნაკლებ განვითარებული ქვეყნები. ჩემი პირადი მოსაზრებით, სწორედ გლობალიზაციის დამსახურებაა ის, რომ თანამედროვე მსოფლიოში ამდენს საუბრობენ გარემოს დაცვის პრობლემებზე, მსოფლიო საზოგადოება აცნობიერებს იმას, თუ რამდენად საშიში შეიძლება იყოს ეს პრობლემა და მისი მოუგვარებლობა კაცობრიობისთვის. დღესდღეობით კალიფორნიაში მცხოვრები ამერიკელი და დელიში მცხოვრები ინდოელი ზუსტად ერთი და იმავე საფრთხის ქვეშ წინაშე ამ თვალსაზრისით. მათ აერთიანებთ საერთო პრობლემა და ამის გაცნობიერებაში სწორედ გლობალიზაციას უჭირავს უზარმაზარი როლი. საზოგადოება რომ ჩაკეტილი დარჩენილიყო, მე ვფიქრობ, ინდუსტრიალიზაცია მაინც მოხდებოდა მეტ-ნაკლებად ყველა ქვეყანაში, რაც გარდაუვალს გახდიდა გარემოს დაბინძურებას. თუმცა გლობალიზაციის პროცესის დამსახურებით მოხდა ამ პრობლემისთვის “გლობალური საფრთხის” წოდების მინიჭება – შედეგად კი სხვადასხვა ერების წარმომადგენლები ერთობლივად ჩაერთვნენ ამ პრობლემის მოგვარების საქმეში.
დასკვნა

საბოლოოდ დასკვნის სახით უნდა ითქვას, რომ გლობალიზაციის და კონკრეტულად ინტეგრაციის შესაძლებლობების გამოყენებით, ქვეყნები უფრო მეტად ეკონომიკურ სარგებლიანობას ნახულობენ, ვიდრე აწყდებიან სირთულეებს. საქმე იმაშია, რომ ინტეგრაციის პროცესი თანაბარზომიერად არ მიმდინარეობს და ამ პროცესში ის ქვეყნები ხვდებიან გართულებებს, რომლებიც ისევე სწრაფად ვერ ერთიანდებიან გლობალურ ეკონომიკაში, როგორც სხვები. ბოლო გამოკვლევების მიხედვით ქვეყნებმა, რომლებმაც მოახერხეს გლობალიზაციის პროცესში წარმატებულად ჩართვა, მიაღწიეს ეკონომიკურ ზრდას. ამ ქვეყნებში სიღარიბის მაჩვენებელი მცირდება. ამასთან მაღალი ინფლაცია, უმუშევრობა, სიღარიბე, ეკონომიკური სტაგნაცია დამახასიათებელია ისეთი ქვეყნებისათვის, რომლებიც მსოფლიო ეკონომიკური ინტეგრაციისგან მოწყვეტით ვითარდებიან.

გლობალური პროცესების გავლენა სხვადასხვა კულტურაზეც საბოლოოდ მაინც დადებითად უნდა შეფასდეს. მართალია, ადგილობრივ კულტურათა მსოფლიო ბაზარზე გატანა და შეფუთვა სწორედ დასავლური ე.წ. ვესტერნული ტექნოლოგიებით ხდება, თუმცა ის მაინც ემსახურება ამ კულტურის პოპულარიზაციას და მიმზიდველ ეგზოტიკურ ელფერს სძენს მას.

ამასთან თავად დასავლური ე.წ. ვესტერნული კულტურაც ნელ-ნელა  იცვლება, რადგან ისიც განიცდის გარკვეულ ზეგავლენას. მთელს დასავლურ სამყაროში ზრდადი ემიგრაციის ტალღები საკუთარ კვალს ტოვებს ამ კულტურაზე. მაგალითად, დღესდღეობით ინდური სამზარეულო და კინემატოგრაფია უდიდესი პოპულარობით სარგებლობს ინგლისში. ასევე ჯაზ მუსიკა, რომელიც თავდაპირველად შავკანიანი მუსიკოსების მიერ იქნა გამოგონებული, ჩვენს თანამედროვეობაში უკვე დასავლური კულტურის განუყოფელ ნაწილად მოიაზრება.

დღესდღეობით ინტეგრაცია გლობალიზაციის პროცესში და გლობალურ ეკონომიკაში აქტიური მონაწილეობის მიღება, შესაძლებლობას იძლევა ქვეყნებმა ნახონ სარგებელი, შეინარჩუნონ მაკროეკონომიკური სტაბილურობა, მიაღწიონ ეკონომიკურ ზრდას და ერთად იმოქმედონ გლობალური საფრთხეების აღმოსაფხვრელად.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: