Georgian News

Just another WordPress.com site

ჩემი უნივერსიტეტის ახალგაზრდა ლექტორი

Posted by SalomeaS on January 17, 2011

შეხვედრის დრო _ 09:30, შეხვედრის ადგილი _ ყაზბეგის გამზირი, მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის ეზო. ქართული პუნქტუალურობის მიზეზით სტატიის მთავარ გმირს 10 წუთის დაგვიანებით ვხვდები. და აი, ისიც!

რა ახალგაზრდა ყოფილა. მტკიცე ნაბიჯით მიახლოვდება. თავაზიანი სალამი და მზრუნველი მუდარა: მისი ოთხი თვის, ატირებული ლილი უნდა დავაწყნარო, თან გვიხსინის სად უნდა ავიდეთ, რადგან თვითონ იქვე ახლოს მაღაზიაში მიდის. მეც სავარაუდო ორიენტირით თეთრ რკინის კარებს ვაღებთ. ლილი ტირის. ცისფერი ღრმა თვალები ცრემლებით აქვს სავსე. ვუახლოვდები და ხელში ამყავს. ლილიც მაშინვე მშვიდდება.
ჩემი რესპონდენტი ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი დიმიტრი დოლაბერიძეა. იგი ლექციებს უკითხავს ჰუმანიტარული, ზუსტი და საბუნებისმეტყველო და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებს. მსოფლიოს 42 ქვეყანაშია ნამყოფი. აქვს დიდი პრაქტიკული გამოცდილება. ფლობს ოთხ ენას: ინგლისურს, გერმანულს, რუსულსა და ქართულს. მონაწილეობა აქვს მიღებული მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გამართულ კონფერენციებში და არის მრავალი სერთიფიკატის მფლობელი. ჰქონდა მიწვევები სხვადახვა უნივერსიტეტებიდან. მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროსა და გაეროში. როგორც თავად იხსენებს, ყველაფერი მის კარიერაში არასამთავრობო ორგანიზაციიიდან “ქართველები გარემოსთვის” დაიწყო, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელიც თვითონ იყო.
– Hello!
– Hello!
ოთახში მარტო არ ვართ. ორი უცხოელი ზის. ტელევიზორი ჩართულია. კარები იღება. Bბატონი დიმიტრი შემოდის.უხარია, რომ ლილის დაწყნარება შევძელი. “ცოტა მძიმეა კაცისთვის კაციც იყო და ქალიც” ამას ხუმრობით გვეუბნება. ოთახებს შორის მიდი-მოდის. თან ამ ფრაზის წარმოთქმის მიზეზს ხსნის. “მეუღლე გასულია და დედა ლექციებს კითხულობს ჩვენთან უნივერსიტეტში. ლილის მომვლელი გოგონა კი დღეს რატომღაც არ გამოჩნდა”. Aამიტომ თავად მოუხდა ოჯახში განსხვავებული როლების მორგება. ბოლოს შემოდის და მოსწავლეს ინგლისურად ჩვენთვის სკამების მოტანას სთხოვს. “კოპიო მამაა” _ ამბობს ბატონი დიმიტრი და იწყებს თავისი ცხოვრების შესახებ საუბარს.
“19 წლის ვიყავი როცა პირველად გავიმარჯვე პროექტში და კემბრიჯის კოლეჯში წავედი სასწავლებლად. ეს ნამდვილი შოკი იყო. ამას მოჰყვა კონფერენცია თურქეთში. შემდეგ მიმიწვიეს ამსტერდამის უნივერსიტეტიში. ვამაყობ იმით, რომ ყველა ჩემი სწავლა დაფინანსებული იყო. ფული არსად გადამიხდია. მე ვიცი რა არის გამარჯვება. ცხოვრებაში ბევრი გამარჯვება მქონია, რაც ძალიან მეამაყება. დედა ლექტორია ჩვენს უნივერისტეტში. მამა ინჟინერ-დიზაინერი იყო, მისი მთავარი მიზანი ჩემი კაცად გაზრდა იყო. მგონი, ეს შეძლო კიდეც. საქართველოში დავბრუნდი იმიტომ, რომ მამას ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა. სამწუხაროდ, ჩემი დაბრუნებიდან მალევე გარდაიცვალა.”
ბატონი დიმიტრი უნივერსიტეტის სტუდენტების მომზადების დონით კმაყოფილი არ არის, თუმცა იმასაც აღნიშნავს, რომ მათი ძაგება არ შეიძლება. “ქართველ სტუდენტებს რჩევის სახით შემიძლია ვუთხრა, რომ დემაგოგიასა და აბსტრაქტულ რაღაცებს თავი დაანებონ და გახსნილი თვალებით შეხედონ ქვეყანას. ის ინვესტიცია, რომელიც მათშია ჩადებული, აქციონ მოგებად საკუთარი ცოდნით. ყველა ახალგაზრდა უნდა ეზიაროს უცხო კულტურას, იპოვოს თავისი თავი და უპასუხოს კითხვას _ “სად ვდგავარ მე”. როცა ამას შეძლებს, უნდა დაბრუნდეს სამშობლოში და საკუთარ ხალხს გამოადგეს.”
დროა, ინგლისურის გაკვეთილი დაიწყოს. მეცადინეობა თავისუფალი საუბრის რეჟიმში მიდის. საუბრობენ მხოლოდ ინგლისურად. დროდადრო ლილის დახედავს. მოსწავლეები შეკითხვებზე პასუხობენ და შეცდომებს მისი მითითებების მიხედვით ასწორებენ. ლილი ისევ ჭირვეულობას იწყებს. დიმიტრი დგება და ხელში აჰყავს პატარა. თან გაკვეთილს არ წყვეტს. პატარა ლილი ისევ არ ისვენებს. დიმიტრიმ წაიღიღინა და ბავშვიც დაწყნარდა. ჩაეძინა. ახლა ლისტენინგ-ის დროა. მოსწავლეებმა საუბრის დასახვეწად მარტივ ინგლისურ ფილმს უნდა უყურონ. ლილის ტელევიზორისგან მოშორებით აწვენს. დიდი ხანია კარადაზე დადგმული ჭადრაკის საინტერესო ფიგურები შევნიშნე. ვინ თამაშობს_მეთქი ვკითხე. “მე მიყვარს თამაში. თავისუფალ დროს გავიქცევი ხოლმე ვაკის პარკში და მოხუცებს ვეთამაშები. უნდა ვაღიარო ძირითადად ვაგებ. თუ მოვიგე ზეიმია”. იცინის. სპორტი უყვარს: “დავდიოდი ცურვაზე, კალათბურთზე, იაპონური ბრძოლის სახეობასაც ვეუფლებოდი. თუმცა ამ ბრძოლის ილეთებს ცხოვრებაში არ ვიყენებ”. ყველას ყურადღება ფილმისკენ გადადის. დიმიტრი გადის. კარებს მიღმა ინგლისური საუბარი ისმის. ოთახში უცხო გარეგნობის ლამაზი ქალი შემოდის და თავაზიანად გვესალმება. ეს დიმიტრის მეუღლეა, ქეთი. ქეთი პატარა ლილის უახლოვდება და გაჰყავს. ფილმი დამთავრდა. მოსწავლეები დიმიტრისთან ერთად მსჯელობენ ფილმის შინაარსის შესახებ. 12 საათი დაიწყო და გაკვეთილიც დასრულდა. დიმიტრი მადლობას უხდის მოსწავლეებს და კარებამდე აცილებს. თავაზიანად ვემშვიდობებით უცხოელ სტუდენტებს.
ახლა კი ნამდვილად ოჯახური გარემო შეიქმნა. პატარა ლილი დედამ ფერიასავით გამოპრანჭა და მოიყვანა. ბატონი დიმიტრის მეუღლე ცოტას ქართულადაც საუბრობს, ამიტომ არ გვიჭირს მისი გაგება, თუმცა ჩვენი რესპონდენტის დახმარება ხანდახან მაინც გვჭირდება. ქეთი დიდი ბრიტანეთიდანაა. ძალიან მოსწონს საქართველო და ქართული კერძები. განსაკუთრებით ხინკალი და ხაჭაპური. მოსწონს ქართული ცეკვები. შავ ზღვას ხმელთაშუა ზღვა ურჩევნია, იმიტომ რომ ის უფრო სუფთაა. ქეთი ინგლისურის ლექტორია თსუ-ში. ისიც ბევრ ქვეყანაში ყოფილა. შეუძლებელია, არ შეამჩნიო, რამდენად უყვართ ერთმანეთი ქეთის და დიმიტრის. საუბარში არა ერთხელ აღნიშნეს, რომ ერთნაირები არიან და ისეთი იდეალური შერწყმა წყვილებს შორის, როგორიც მათ შემთხვევაშია, იშვიათია. ერთმანეთისთვის კომპლიმენტებსაც არ იშურებენ. ჩვენს კითხვაზე, როგორი მეუღლეა ბატონი დიმიტრი, მთავარ გმირს ეცინება და მორჩილად ელოდება მეუღლლის განაჩენს. “კარგი მამაა, სამზარეულოშიც ეხერხება საქმე, ყველაფერს აკეთებს, მეხმარება. ნამდვილად ბედნიერი ვარ”.
როცა ოჯახურ გარემოშია, არც მაშინ ავიწყდება საკუთარი ქვეყნის მდგომარეობა და გულნატკენი საუბრობს საქართველოზე. “ქვეყანას რაღაც სჭირს. მტვერი, რომელიც აფერხებს მის განვითარებას, უნდა დაიფერთხოს”. საუბარში გართულებს ბატონი დიმიტრი სურათების დათვალიერებას მთავაზობს. ფოტოები მის სიახლეების მოყვარულ ხასიათზე მეტყველებს. მას ყველაფერი აინტერესებს და დღემდე დიდი შრომის ფასად მოვიდა. თუმცა გაჩერებას არ აპირებს და დიდ პოლიტიკაში მოსვლას გვპირდება.
უკვე პირველი საათი დაიწყო. აქტიური დილის შემდეგ განსატვირთად ცურვაზე მიდის. ცურვას ფრთების გაშლას ადარებს და ამბობს, რომ ამშვიდებს. მისივე თხოვნით, დრობით ვწყვეტ მისი ერთი დღის აღწერას და სამ საათზე უნივერსიტეტის მესამე კორპუსში ლექციაზე ველოდები.
ჯერ კიდევ სამს ოცი წუთი აკლია. აუდიტორიაში შევდივარ. სტუდენტების ნაწილი უკვე შეკრებილია. სულ გოგონები არიან. დაინტერესება ბატონი დიმიტრის პიროვნების მიმართ იმაზე დიდი აღმოჩნდა, ვიდრე ველოდით.
3 საათზე ბატონი დიმიტრიც შემოდის. სტუდენტებს ესალმება. აქ სულ სხვანაირია. ცოტა უფრო მკაცრი. აუდიტორია ნელ-ნელა ივსება სტუდენტებით. ლექცია საინტერესოდ იწყება. დიმიტრი ყურადღებით უსმენს ყველა სტუდენტის მოსაზრებას. მსჯელობამ ცხარე პოლემიკის ხასიათი მიიღო.  ლექტორის ტაქტიანი ჩარევა დროული აღმოჩნდა და ყველაფერი მოგვარდა.
ახალი მასალის ახსნა დაფაზე თვალსაჩინო და რეალური მაგალითების ფონზე მიმდინარეობს. ყველა ინტერესით ადევნებს თვალს პროცესს. ლექტორი “სტუდენტი კონტროლის ქვეშ თუ არ აიყვანე გაგითამამდება”-ს პრინციპით ახერხებს აუდიტორიის მობილიზებას. თუმცა იგი ყოველლთვის რჩება მათ საუკეთესო მეგობრად და ლექციის დასასრულს სტუდენტებს მიმართავს: “აქედან რომ წახვალთ, უკან არ მოიხედოთ. ამის შემდეგ მე თქვენი მეგობარი ვიქნები, მიუხედავად იმისა, ვის რა ქულა გექნებათ. ყველას, ჭკვიანსაც და უფრო ჭკვიანსაც გულწრფელად გისურვებთ წარმატებას“. სტუდენტებს ორ დავალებას აძლევს, რომლებიც შინაარსიდან გამომდინარე კვლავ სტუდენტების დამოუკიდებელ აზროვნებასა და მათ პოტენციალს უსვამს ხაზს. მისი ლექციების მიზანიც ეს არის: სტუდენტები ანალიტიკურ აზროვნებას შეაჩვიოს. “მე ვუზიარებ სტუდენტებს ცოდნასა და გამოცდილებას. თუ ადამიანმა ის ცოდნა, რაც დააგროვა სხვას არ გაუზიარა, არაფერში სჭირდება. ეს დამარხული ცოდნაა, როგორც გამოუყენებელი სიმდიდრე.” აუდიტორიას ვტოვებთ და ბატონ დიმიტრისთან ერთად მაღლივში მივდივართ. მასთან ნამდვილად არ მოიწყენ. შეუძლია, ნებისმიერ თემაზე მსჯელობა ისე, რომ დაგაფიქროს მთელ ამ პრობლემებზე. ყველა თემაზე საკუთარი ორიგინალური მოსაზრება აქვს, რომელთა თავს მოხვევასაც არასდროს ცდილობს. ისევ საქართველოს თემას უბრუნდება. მისი აზრით, დღეს ქვეყანას არ გააჩნია ეროვნული ინტერესი, რაც უკან ხევს მის სამომავლო განვითარებას. გული სწყდება იმაზე, რომ “ჩვენში ზის განსხვავებები ჩამოსულებსა და ადგილობრივებს შორის. ასეთი განსხვავებები არათუ არ უნდა არსებობდეს, არამედ უნდა მოხდეს შერწყმა და ერთად იბრძოდეს საზოგადოება, რადგან ასეთ დიფერენციაციას საბოლოოდ ის შედეგი აქვს, რომ მივყავართ საზოგადოების დაკნინებამდე”. ამ სუბარში დრო უცებ გავიდა და უნივერისიტეტის მაღლივ კორპუსთან მივედით. გარეთ ბატონი დიმიტრის დედა, ქალბატონი ნაირა მომღიმარი სახით გველოდება.  დედა და შვილი ერთმანეთს ძალიან თბილად შეხვდნენ. ყველანი ერთად მაღლივი კორპუსის კიბეებს ავუყევით. დერეფანში დიმიტრის სტუდენტები შეგვხვდნენ. ერთმა გოგონამ სიხარულით შესძახა: “როგორ გამიხარდა თქვენი ნახვა”. ცოტა ხნის ლოდინის შემდეგ ირკვევა, რომ ახალი ჯგუფი მაგისტრატურის პირველ კურსელებისგან შედგება, რომლებსაც ინგლისური ენის კურსი უნდა წაეკითხოთ. ბატონი დიმიტრი აუდიტორიაში შედის. მე კი ქალბატონი ნაირა მიმიძღვება აუდიტორიისკენ. ის სასიამოვნო მოსაუბრე აღმოჩნდა. მისგან გავიგეთ, რომ ბატონ დიმიტრის არტისტული ნიჭიც აქვს და თან ძალიან მხიარული ადამიანია. “ყურადღებიანი შვილი და ძალიან კეთილი ადამიანია. ყველას ვუსურვებ ასეთი შვილი ჰყავდეს”. ქალბატონ ნაირას ვემშვიდობები და ლექციაზე შევდივარ. ლექციაზე სულ სამი ბავში ზის. ბატონი დიმიტრი დაფასთან დგას და ინგლისური ენის დროებს ხსნის. სტუდენტები აქტიურად ერთვებიან ლექციაში და სათითაოდ აკეთებენ ზეპირ სავარჯიშოებს. ჩემკენ იხედება. უცებ ვერ გავერკვიე. მეგონა, ჩემ უკან რაღაც უფრო საინტერესო ხდება-მეთქი და მივიხედე. “აჰა, მე მეკითხებით?” _ ვკითხე გაუბედავად. დამიდასტურა და ასე ჩავერთე მეც ლექციაში სხვა სტუდენტებთან ერთად.
აუდიტორიას ერთ მხარეს რკინის გისოსები ჰქონდა. “ციხეს არ ჰგავს? გარეთ რა კარგი ამინდია და ჩვენ კიდე ამ ციხეში ვსხედვართ?” ხუმრობით, თუმცა რაღაც ღრმა აზრით თქვა. დრო უცებ გავიდა. ლექციაც დასრულდა. სტუდენტებს დავალებები მისცა და დაემშვიდობა. ტელეფონის ერთმა ზარმა შანსი მომცა, ბატონი დიმიტრი კიდევ ერთ, განსხვავებულ ვითარებაში დამენახა. მეზობლის ქალი დაჟინებით ითხოვდა რაღაცას, თუმცა ბატონ დიმიტრის საუბრის თავაზიანი ტონი არ შეუცვლია და დაჰპირდა კიდეც მისი თხოვნის შესრულებას. უკვე ექვსი სრულდება და ახლა ისევ ვაკეში მეხუთე კორპუსში მოსწავლესთან ეჩქარება. აქაც ინგლისურს ასწავლის. 6 საათზე უკვე მეხუთე კორპუსის წინ ვართ. მოსწავლის თხოვნით არ ვესწრები ამ გაკვეთილს და ლექციის დასრულებისთანავე ბატონი დიმიტრის ხმას კიბეებზე ვცნობ. გავედით. მე რაღაც საინტერესოს მოლოდინში არც კი მიფიქრია მისი დატოვება. ერთად წავედით მის სახლში. მისვლისთანავე ირგვლივ უამრავი ნაცნობის გარემოცვაში აღმოვჩნდით. ყველა მოიკითხა. არც სხვებს დაუშურებიათ მისთვის გულწრფელი და პატივისცემით სავსე სალამი. როგორც აღმოჩნდა, პატარა ხარაჩო იყო დასაშლელი, რასაც ღონიერი მეორე ხელი სჭირდებოდა და არა მე. თუმცა ხარაჩო მაინც დავშალეთ. მეზობლის ქალი კმაყოფილი ჩანდა. გაწეული დახმარებისთვის საჩუქარიც დავიმსახურე და შექებაც. “წამოდი ერთ ძალიან ლამაზ ადგილს გიჩვენებ”. სახლის უკან პატარა ბაღთან მივედით, სადაც თავისუფალ დროს თუკი პოულობს, თურმე სიამოვნებით მუშაობს კიდეც. ბუნება უყვარს. შემაღლბული ადგილიდან ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა და აღნიშნა, რომ აქ იგრძნობა ნამდვილად, რომ ბუნებაში ხარ. “აქ სულ სხვა ჰაერია”. არც ცის სილურჯეზე მონავარდე მერცხლები გამოჰპარვია მის ყურაღებას და გულდაწყვეტით აღნიშნა, რომ იმდენი აღარ მოფრინავს, რამდენიც ადრეო. მერე ამაზე საინტერესო ამბავს მოჰყვა ადამიანის იმ გაუმაძღრობაზე, რასაც საბოლოოდ ბუნების კვდომამდე მივყავართ. მისი აზრით “ადამიანის დაუდევრობას ბუნებისადმი ცუდი შედეგი მოჰყვება და ჩვენ უნდა ვიზრუნოთ, რომ როგორმე გადავარჩინოთ ბუნება და უხეშად არ ჩავერიოთ მის არსებობაში”.
მწვანე ბილიკს ისევ კორპუსისკენ დავუყევით. “იზი!” _ დაუძახა და ისიც იმ წამსვე მასთან გაჩნდა. იზი ერთი ლამაზი კატაა. საოცარი სანახავი იყო შეხვედრის სცენა. იზი აშკარად ბედნიერი იყო.
ბატონი დიმიტრი საინტერესო რესპონდენტია. მასთან სიამოვნებით ვისაუბრე მრავალ მტკივნეულ თემაზე: ჩვენს ქვეყანაში, საზოგადოებაში არსებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის მისეულ ხედვებზე. აღსანიშნავია, რომ სასარგებლო რჩევებიც მივიღე.
ასეთია სინამდვილეში უცხოეთში განათლებამიღებული, არაქართული გარეგნობისა და აქცენტის მქონე ლექტორი, რომელსაც არც ლუდის ბოთლი და არც მაგიდაზე ჩამოჯდომა უშლის ხელს იმაში, რომ გასწავლოს ის, რაც უნდა გასწავლოს.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: