Georgian News

Just another WordPress.com site

რეპორტაჟი ბაპტისტურ-ევანგელისტური ეკლესიიდან

Posted by ნათია გობეჯიშვილი on January 17, 2011

ავტორი: ნათია გობეჯიშვილი

ბაპტისტურ-ევანგელისტური ეკლესია საქართველოში XIX საუკუნის 60-იან წლებში დაარსდა და გავრცელდა მოლოკნებს შორის. ამის შემდეგ დაარსდა ბაპტისტთა ქართული, რუსული, სომხური და ოსური თემები. ქართული ბაპტისტური ეკლესია ჩამოყალიბდა 1919 წლის მარტში, რაც  დაკავშირებულია ილია კანდელაკის სახელთან, რომელმაც ქართულად თარგმნა ბაპტისტთა ლიტურგიული ტექსტები. საქართველოს ბაპტისტურ-ევანგელისტური ეკლესიის ეპისკოპოსის მალხაზ სონღულაშვილის განცხადებით, მათი ეკლესიის ისტორია დაკავშირებულია მუდმივ დევნასა და შევიწროებასთან. 1990 წელს შეიქმნა საქართველოს დამოუკიდებელი ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესია, რომლის მეთაურიც იყო გურამ ქუმელაშვილი, ხოლო 4 წლის შემდეგ იგი შეცვალა მალხაზ სონღულაშვილმა, რომელიც დღემდე ამ ეკლესიის მეთაურია.ბაპტისტური ეკლესიები არის კახეთის შემოგარენში, ქართლში და თბილისის რამდენიმე უბანში.

დიდუბის ეკლესიის მოპირდაპირე მხარეს, კედიას ქუჩის კუთხეში, ერთი ხისკარიანი შენობაა. შენობაზე ჯვარია გამოსახული და წარწერა “ბაპტისტურ-ევანგელისტური ეკლესია.”ტაძარში შესვლა ორი მხრიდანაა შესაძლებელი. ეკლესიას მეორე სართულიც აქვს, რომელზეც სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. აქ ლიტურგია კვირას 12:00 საათზე იწყება. ჯერ 12 არ გამხდარა, ზარებსაც რეკვა არ დაუწყია, ამიტომ მრევლის ნაწილი ეკლესიის ეზოში საუბრით იჯერებს გულს. ერთი მოხუცი ქალი დაახლოებით 18-19 წლის ლოყებწითელა ბიჭს, დაჟინებით თხოვს, ლიტურგიას დაესწროს და პირდება, რომ იქ ერთ კარგ გოგოსაც გააცნობს.  “კარგი ბებო, აუცილებლად მოვალ” პასუხობს ბიჭი და ჩქარი ნაბიჯით კვეთს ქუჩას. ქალს უკმაყოფილო სახე აქვს.  ტაძრის შესასვლელში გოგონა მხვდება, რომელსაც ჯინსის შარვალზე თეთრი სტიქარი გადაუცვამს და ხელში სახარება უჭირავს. ეკლესიაში სულ 3 ხატია დაბრძანებული, ისიც იმ მხარეს, საიდანაც სამღვდელო პირები ლიტურგიას ატარებენ. არც სანთლის დასანთები ადგილია სადმე. ტაძარი სავსეა. შუაგულში მოძველებული სკამები დგას. წინა ორ რიგში მამაკაცები სხედან, ხოლო მრევლის დანარჩენი ნაწილი მოხუცი ქალბატონია. ერთ ახალგაზრდასაც ვერ შენიშნავთ. ერთ-ერთ რიგში მოხუცებულ ქალბატონებს შორის დავიკავე ადგილი. ის მოხუციც, შვილიშვილს ლიტურგიაზე დასწრებას, რომ თხოვდა ჩემს რიგში დაჯდა. წინა სკამზე ხელჩანთა დადო, ადგილი შეუნახა ბიჭს.

აქ ყველა ყველას იცნობს, მიხვდნენ, რომ მათ ლიტურგიაზე პირველად ვიყავი და დაინტერესდნენ თუ ვინ მიმიყვანა. მათი თქმით, აქ ასეთი წესია, აუცილებლად ვიღაცამ უნდა მიგიყვანოს. მალე ზარებიც დაირეკა, ყველა გაჩუმდა და ლიტურგიაც დაიწყო. წირვის ძირითადი ნაწილი გალობას ეთმობა, ხოლო ყოველ გალობას მოძღვრის ქადაგება მოსდევს თან. დროგამოშვებით მრევლი ფეხზე დგება და ხელებაპყრობილი ადიდებს უფალს.

ლიტურგიის მიმდინარეობისას სტიქაროსნები მომდევნო კვირის მსახურებათა განრიგს გადასცემენ მრევლს. ამ განრიგში მითითებულია, თუ რომელ დღეს რა ლოცვა უნდა წაიკითხოს მორწმუნემ. ჩემს მარჯვნივ მჯდომ ერთ-ერთ ქალბატონს ეს ფურცელი არ შეხვდა და ამის გამო ძალიან დაწყდა გული. ჩემი განრიგი დაუფიქრებლად გადავეცი მას.

მართალია, ბაპტისტური ეკლესიის პრინციპით პროზელიტიზმი მიუღებელია, მაგრამ ჩემ გვერდით მსხდომი ორი ქალბატონი აქტიურად ცდილობს ჩემს გადაბირებას, მაცნობენ მგალობლებს, მიყვებიან თუ ვინ ვისი მეუღლეა, ვინ რომელ უნივერსიტეტში კითხულობს ლექციებს და ვინ რომელ სამინისტროში მუშაობდა ან მუშაობს. “აქ ყველანი ოჯახებით დავდივართ და ძალიან ვუახლოვდებით ერთმანეთს. ერთი ოჯახივით ვართ. აი იმ გოგომ (ხელით ერთ-ერთი მგალობლისკენ მანიშნებს) აქ გაიცნო თავისი რჩეული და დაოჯახდა. ახლა უკვე ორსულადაა. ასე, რომ აქ გათხოვების შანსებიც დიდია.” მოხუცები ამბობენ, რომ ჭეშმარიტება მხოლოდ აქაა. თუ სახლი არ მაქვს შემიძლია, გერმანიის მიერ დიდ დიღომში გახსნილ ბეთელის ცენტრში ვიცხოვრო, რადგან ეს ცენტრი უმწეო ადამიანებისთვისაა შექმნილი. იმ შემთხვევაში, თუ მატერიალური დახმარება მჭირდება, მაშინ ბუღალტერს უნდა მივმართო.

დასასრულისკენ ზიარება იწყება. ყველა ქრისტიანს, ვინც საკუთარ ეკლესიაში ეზიარება, აქვს უფლება, ეზიაროს ბაპტისტურ-ევანგელისტურ ეკლესიაშიც. მრევლი მოძღვარს აღსარებას არ აბარებს. ის ვინც თვლის, რომ უფალმა ცოდვები შეუნდო, ეზიარება კიდეც. უფლის სისხლისა და ხორცის მიღების შემდეგ მორწმუნეები პურის ნაჭრებსა და ხილს სთავაზობენ ერთმანეთს. მიხსნიან, რომ ზიარების დროს სახლიდან ყველა მშიერი მოდის.

მგალობლების გალობას და მოძღრის ქადაგებას რომ ვუსმენდი ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ბაპტისტური ეკლესია თავისი ლიტურგიული ცხოვრებით ძალიან ახლოს დგას მართლმადიდებლობასთან. იმის შესახებ, თუ რით განსხვავდება ბაპტისტური ეკლესია მართლმადიდებლურისგან ჩემ გვერდით მჯდომ ქალბატონს ვკითხე. იგი ამ კითხვამ აშკარად დააბნია “რა ვიცი, აბა” მიპასუხა და ცოტა ხნის მერე დაამატა “ჩვენ ხატებს არ ვცემთ პატივს, მხოლოდ ღმერთს ვაღიარებთ, არც აღსარებას ვაბარებთ მამაოს და ალბათ სწორედ ესაა განსხვავება.” მოძღვარი მერაბ გაფრინდაშვილი ამბობს, რომ ძირითადი გასხვავება მართლმადიდბლებსა და ბაპტისტებს შორის ნათლობის მიმართ დამოკიდებულებაა, რადგან, მათი აზრით, ადამიანის ნათლობა შეგნებულად უნდა მოხდეს “ადამიანმა ჯერ შეგნებულად უნდა იწამოს ქრისტე და საუკონო ცხოვრება, მხოლოდ ამის შემდეგ იქნება იგი მზად ნათლობისთვის. ჩვენ თავს რეფორმირებული მართლმადიდებლური ეკლესიის წევრებად მივიჩნევთ.”

ბოლოს, მოძღვარი მრევლს ამცნობს, რომ შვედეთის ბაპტისტურ-ევანგელისტურმა ეკლესიამ მათ ტაძარს 800 ევრო გადმოურიცხა.Aამ ფულით ეკლესიის მეორე სართულის გარემონტებას და ბავშვებისთვის შესაფერისი პროგრამის გაკეთებას აპირებენ. მოძღვარი ასევე აცხადებს, რომ ამ დღიდან ეკლესიაში ფუნქციონირებას იწყებს ეკლესიის საბჭო. მრევლს შეუძლია, საბჭოს მიმართოს, როგორც სულიერი, ასევე მატერიალური დახმარებისთვის. “შენ გაიხარე შვილო” ხმამაღლა ამბობს წინა რიგში მჯდომი ქალბატონი “იქნებ ახლა მაინც დაეხმარონ ჩემს შვილიშვილს და ოპერაცია გაუკეთონ.” – ამატებს ჩუმად. ახლგაზრდების ეკლესიაში არ ყოფნას მოძღვარი იმით ხსნის, რომ არ აქვთ მათთვის სპეციალური პროგრამა და ამის გამოსწორებას უახლოეს მომავალში გეგმავენ.

მოძღვრის საბოლოო გამოსვლით ლიტურგია დასრულდა. ხალხი აიშალა. ზოგი მოძღვარს მიმართავს კითხვებით, ხოლო ზოგიერთი ახლადშექმნილ საბჭოსთან აპირებს სულიერ და მატერიალურ პრობლემებზე საუბარს. ჩემს რიგში მჯდომი ქალბატონი, აი ის შვილიშვილს, რომ ელოდა, ერთ სტიქაროსანთან მივიდა. გოგონას მაგრად ჩაჭიდა ხელი და გარეთ გაიყვანა. შვილიშვილი იქვე, მწვანედ შეღებილ საავადმყოფოსთან ელოდა. ბიჭმა გოგონას ხელი ჩამოართვა. აათვალიერა და ლოყები კიდევ უფრო აუწითლდა. გოგონას თვალები აუციმციმდა.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: