Georgian News

Just another WordPress.com site

მარინა ჯანაშიას შვილიშვილის ჩვენებებზე არ უშვებენ

Posted by მანჩო ნოდია on January 3, 2011

ცნობილი მსახიობი მარინა ჯანაშია მოდელ და უკვე მომავალ მსახიობ შვილიშვილზე, მარიტა ჯანაშიაზე დიდ იმედებს ამყარებს. წელს მარიტა თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა. პროფესიის არჩევაში მსახიობ ბებიას წვლილი არ მიუძღვის, პირიქით, ქალბატონ მარინას კატეგორიულად არ უნდოდა, შვილიშვილი მის გზას გაჰყოლოდა, რადგან ამ რთული პროფესიისთვის არ ემეტებოდა. საბოლოოდ, ოჯახს მაინც მოუწია მარიტას გადაწყვეტილებასთან შეგუება.

– ქალბატონო მარინა, გაიხსენეთ, როგორ მოევლინა მარიტა ამქვეყანას. ალბათ ის დღე თქვენს ცხოვრებაში უბედნიერესი იყო.

მარინა: მარიტა რთულ პერიოდში დაიბადა. მაშინ საქართველოში არეულობის წლები იყო. ქალაქში ტყვიების ზუზუნი ისმოდა. რომელ სამშობიაროშიც უნდა გაჩენილიყო, მოულოდნელად ის საავადმყოფო დაიკეტა. ამიტომ რკინიგზის საავადმყოფოში მივედით. ხიდზე რომ გადავდიოდით, თავი გვქონდა დაღუნული, რადგან ზემოდან ტყვიები გადაგვდიოდა. მარიტა პირველ იანვარს, ომსა და ტყვიების ზუზუნში გაჩნდა. პირველი შვილი და პირველი შვილიშვილი გახლდათ, ამიტომ ყოველთვის განსაკუთრებული მზრუნველობის ქვეშ იყო. ეს ჩემთვის ღვთის დიდი საჩუქარი იყო, რადგან ისეთ ასაკში ვიყავი, როცა შვილებს აჩენენ. მარიტა ჩემი დიდი სიხარულია და მინდა, ჩვენი იმედები გაამართლოს. მის ცხოვრებაში არ ყოფილა არც ერთი მნიშვნელოვანი ეპიზოდი, რომ ჩემს ზურგზე არ გადაევლო.

– მარიტა, რა გახსოვთ ბავშვობიდან განსაკუთრებულად?

მარიტა: ბებიას თეატრში დავყავდი და სპექტაკლებს კულისებიდან ვადევნებდი თვალს. განსაკუთრებულად მახსოვს ის, რომ იატაკის ჯოხზე მსვამდა და მთელი დღეები “მაკატავებდა”. ასეთი “სეირნობა” ძალიან მიყვარდა.

მარინა: ძალიან უყვარდა ჩემი ფეხსაცმელების ჩაცმა. დილით იღვიძებდა ამ კითხვით – სად არის ბაფთებიანი ფეხსაცმელიო. უყვარდა ჩემი გრიმის კოლოფები.

მარიტა: ერთი ზღაპარი მიყვარდა ძალიან, რომელსაც დღეში ორმოცჯერ მაინც ვაყოლებდი.

– როგორი ბავშვი იყო მარიტა?

მარინა: ერთადერთი პრობლემა ის გვქონდა, რომ ხშირად ავადმყოფობდა. ძალიან სასაცილო ბავშვი იყო, იდგა წვრილ, მაღალ ფეხებზე, როგორც ჭოკი. პეპის მაგონებდა. მამაჩემი ჩემთვის ყოველთვის ველოსიპედს ყიდულობდა და ძალიან მიხაროდა ხოლმე. ვიფიქრე, მარიტასაც გაუხარდება, თუ ველოსიპედს ვუყიდი–მეთქი. ერთ დღეს მართლაც ვუყიდე და სახლში რომ მოვიტანე, ველოსიპედზე დაჯდომის ნაცვლად, ხელში აიღო და ისე დაჰქონდა. სიფრიფანა, გამხდარი ბავშვი ველოსიპედს მოერია. მაშინ დავარქვი პეპი. გახსოვთ ალბათ ეს ისტორია, პეპი ცხენს რომ აიყვანს ხელში და ისე დადის.

– ქალბატონო მარინა, ხშირად მსახიობებს არ უნდათ, მათი შვილები, შვილიშვილები ამ პროფესიას გაჰყვნენ. ეს რატომ ხდება?

მარინა: გამოგიტყდებით, რომ ჩემს შემთხვევაშიც ასე იყო. ჯერ ერთი, რაღაცნაირად აჩემებული მქონდა, რომ ფიზიკურად სუსტი იყო და მსახიობობას ვერ შეძლებდა, რადგან ეს პროფესია დიდ ენერგიას მოითხოვს. მეორეც, თუ რამეში არ გაგიმართლა, მსახიობისთვის დიდი ტკივილი მოაქვს. ფსიქოლოგიურად ძალიან ძლიერი უნდა იყო. უნდა შეგეძლოს, დაცემული ფეხზე ისევ წამოდგე. მარიტა ამ ყველაფრისთვის არ მემეტებოდა. ამიტომ, როცა გამომიცხადა, ეკონომისტი უნდა გავხდეო, ძალიან გამიხარდა, მაგრამ მერე გადაიფიქრა. როგორც კი პოდიუმზე გაიარა, მივხვდი, რომ მისი შემდეგი ნაბიჯი თეატრის სცენა იქნებოდა.

მარიტა: შარშან, ზამთარში, ჰონგ კონგიდან რომ დავბრუნდი, ვთქვი, მსახიობობა მინდა–მეთქი, პირველი რეაქცია, რაც ბებოსგან მახსოვს, იყო – “არა!”. დედაჩემიც ბებიას ეთანხმებოდა, მაგრამ ბოლოს მაინც ჩემი გავიტანე და თეატრალურში ჩავაბარე.

– მოდელობა თქვენთვის ჰობის დონეზე დარჩა?

მარიტა: ვთვლი, რომ მოდელობა პროფესია არ არის.

მარინა: არა, როგორ არ არის პროფესია!

მარიტა: მოდელობამ იმხელა წარმატება მომიტანა, რომ მას ჩემს სამსახურს უფრო ვუწოდებდი, ვიდრე პროფესიას.

– ქალბატონო მარინა, რა რეაქციით შეხვდით, როცა მარიტამ “ელიტ მოდელ ლუქის” კონკურსში გაიმარჯვა?

მარინა: მარიტამ “ელიტ მოდელ ლუქის” პირველ კონკურსში 2008 წელს, აგვისტოს ომის დროს მიიღო მონაწილეობა და ხუთეულში მოხვდა. ამ კონკურსს აქვს თავისი კანონი, ვინც ხუთეულში ხვდება, მათ აღარ აქვთ უფლება, კონკურსში მეორედაც მიიღოს მონაწილეობა. მარიტა მეორე წელს კონკურსანტებთან ერთად დადიოდა ტრენაჟორებზე. მერე ამ კონკურსიდან ერთ–ერთი მონაწილე ამოვარდა და “იმიჯ ცენტრის” ხელმძღვანელმა, ია კიწმარიშვილმა, მარიტას შესთავაზა, იმ გოგოს მაგივრად ჩაგსვამ, მაგრამ შენ კონკურსგარეშე იქნებიო. ამას ძალიან განვიცდიდი. ჩემთვის ვბობოქრობდი, ყველას ვერ ავუხსნით, მარიტა კონკურსგარეშე რომ გადის, საერთოდ არანაირ ადგილს არ აიღებს და ამ ბავშვის თავმოყვარეობაზე არავინ ფიქრობს–მეთქი. ჩემს განცდებში ვიყავი. ამიტომ არ გამაგებინეს, მარიტა როდის გამოდიოდა კონკურსზე, მითხრეს, რომ უბრალოდ ტელევიზორისთვის მეყურებინა. უცებ გამოაცხადეს, რომ მარიტა ხუთეულში მოხვდა. მან ისეთი გაოგნებული სახით გადადგა ნაბიჯი და ავიდა ავანსცენაზე, რომ მივხვდი, ამას ისიც არ ელოდა. მერე უკვე გამარჯვებულად რომ გამოაცხადეს, სახლში ჩვენი ოჯახის მამაკაცები – ჩემი ქმარი და შვილები იყვნენ. მე დავიწყე ყვირილი, სასწრაფოდ ჩართეთ ტელევიზორი–მეთქი. შეეშინდათ, რა ამბავიაო, ეგონათ, რომ კიდევ ომი დაიწყო. როცა ჩართეს, მარიტას უკვე გამარჯვებას ულოცავდნენ. მერე გაირკვა, რომ მარიტას იმ გოგონას ფეხსაცმელი ჩააცვეს, ვინც მოულოდნელად დატოვა კონკურსი. მისი ფეხის ზომა კი 36 იყო, მარიტას ფეხის ზომაზე ორით ნაკლები…

მარიტა: ის ფეხსაცმელი ისე მიჭერდა, რომ მზად ვიყავი მოვმკვდარიყავი, ვიდრე ის ჩამეცვა… ხუთეულშიც მოვხვდი და საბოლოოდ გავიმარჯვე და ბოლომდე იმ ორი ზომით პატარა ფეხსაცმელებზე ვიდექი.

მარინა: მარიტას ბედი იტალიიდან ჩამოსულმა ქალბატონმა გადაწყვიტა, რომელიც ჟიურის წევრი გახლდათ. უთქვამს, ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, პირველად გამოდის ამ კონკურსზე თუ მეორედ, ჩემთვის ეს არის გამარჯვებულიო.

– როცა მარიტა გამოდის პოდიუმზე, მის ბებიას ხშირად ხედავენ მაყურებელთა რიგებში. როგორი ემოცია გაქვთ ამ დროს?

მარინა: არა, ხშირად ვერ ვახერხებ მარიტას გამოსვლებს დავესწრო და ეს ჩემი ბრალი არ არის. ამ მოსაწვევებს უცნაურად ანაწილებენ. ხშირ შემთხვევაში მოსაწვევის გარეშე ვრჩები. რუსთაველის თეატრში რომ ტარდებოდა მოდის კვირეული, თითქმის ყველა ჩვენებას დავესწარი. იქაც კი წინააღმდეგობას წავაწყდი, მითხრეს, მოსაწვევი არ გაქვთ და როგორ უნდა შეხვიდეთო. წარმოიდგინეთ, საკუთარ თეატრში არ მიშვებდნენ!

ზოგჯერ მიხარია კიდეც, მოსაწვევი რომ არ მაქვს. ჩემი სპექტაკლები ნორმალური პულსით არ მითამაშია და, წარმოიდგინეთ, მარიტას დანახვისას რა დღეში ვიქნები!

– ქალბატონო მარინა, მარიტა ბებიასთან რამდენად გულახდილია პირადულ საკითხებში?

მარინა: ყოველთვის გახსნილი ურთიერთობა გვქონდა, მაგრამ ამ ბოლო დროს იმდენად დაკავებულია, ვეღარც ვნახულობ. თითქოს ვიცი, რა ხდება მის ცხოვრებაში, მაგრამ ბოლომდე არც ვიცი. რამე სერიოზული რომ იყოს, ალბათ მეცოდინებოდა.

მარიტა: არ მიყვარს პირად ცხოვრებაზე საუბარი. თუ ძალიან სერიოზული რამ არ ხდება, არც დედაჩემს ვეუბნები. მირჩევნია, მე თვითონ გავერკვიო გრძნობებში და ჩემებს მერე ვუთხრა.

მარინა: სწორედ ამით ვხვდები, რომ დიდი გოგოა და უკვე აზროვნებს.

– ქალბატონო მარინა, თუ გაქვთ თქვენი კრიტერიუმი, როგორი ბიჭი უნდა იდგეს მარიტას გვერდით?

მარინა: მე არც პროფესიის არჩევაში ჩავრეულვარ და არც მის პირად ცხოვრებაში ჩავერევი. თუკი ცოტა გაიხსნება მარიტა და მიმიშვებს ახლოს, შემიძლია ძალიან ტაქტიანად და დელიკატურად გავუზიარო ჩემი აზრი. მინდა, მის გვერდით იყოს ისეთი ადამიანი, რომელიც მის მიმართ იქნება ძალიან ობიექტური, ეყვარებათ ერთმანეთი, იქნებიან მეგობრები… მინდა, ეს ადამიანი იყოს ინტელიგენტი, ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით. ვერ ვიტან გაპრანჭულ, თავქარიან ბიჭებს. მამაკაცი უნდა იყოს ჭკვიანი, რომელსაც დაეყრდნობი. კაცს წარბი და თვალის ფერი როგორი აქვს, ამას ჩემთვის არასდროს ჰქონდა მნიშვნელობა.

მარიტა: მეც არ მომწონს ბიჭები, რომლებიც იმაზე ნერვიულობენ, ვაიმე, ფრჩხილზე ლაქი ცუდად წამისვიაო. ასეთს რაზე უნდა ელაპარაკო?! ბიჭი რომ მომეწონოს, უნდა იყოს განათლებული და ადამიანური. ზედმეტს არაფერს ვითხოვ.

– ბებია და შვილიშვილი ერთ გვარზე ხართ. ეს როგორ მოხდა?

მარინა: მე მქონდა პირველი ოჯახი, რომელიც დამენგრა. იმ დროს მარიტას მამა ძალიან პატარა იყო. მამაჩემს, რადგან ბიჭი არ ჰყავდა, უნდოდა, გვარის გამგრძელებელი ჰყოლოდა. ბექასაც, ჩემს შვილსაც უნდოდა, ყოფილიყო ჯანაშია. აქედან გამომდინარე, მამაჩემის და ბექას სურვილით, ჯანაშიების გვარი გაგრძელდა.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: