Georgian News

Just another WordPress.com site

Archive for the ‘საზოგადოება’ Category

ალკოჰოლისადმი ლტოლვა

Posted by მარიამ ხიდირბეგიშვილი on January 15, 2011


მარიამ ხიდირბეგიშვილი

ალკოჰოლიზმი (ქრონიკული ალკოჰოლიზმი) პროგრესულად მიმდინარე დაავადებაა, რომლის საფუძველსაც ეთილის სპირტისადმი ლტოლვა წარმოადგენს. სპირტიანი სასმელების ჭარბი მოხმარება (ლოთობა) იწვევს ქცევის ზნეობრივი და სოციალური ნორმების რღვევას. ამით ადამიანი ვნებს საკუთარ ჯანმრთელობას, ზიანს აყენებს ოჯახსა და საზოგადოებას. ახალგაზრდებს შორის სიკვდილის მიზეზი ხშირად ალკოჰოლური მოწამვლაა. ალკოჰოლის ბოროტად გამოყენებას შეიძლება მოჰყვეს გულის პირველადი გაჩერება და მოულოდნელი სიკვდილი ან გულის რიტმის დარღვევა (მაგალითად, მოციმციმე არითმია). ალკოჰოლის ჭარბი მოხმარების შემთხვევაში იზრდება საყოფაცხოვრებო, საწარმოო და სატრანსპორტო ტრავმების ალბათობა. ალკოჰოლიზმით დაავადებულებს შორის თვითმკვლელობა უფრო ხშირია.

მიზეზები. ალკოჰოლისადმი სწრაფვის ერთ-ერთი მიზეზია ეთილის სპირტის ფსიქოტროპული და სედაციური მოქმედება, რაც ეიფორიას (გუნება-განწყობის ამაღლებას) და რელაქსაციას (დაძაბულობის მოხსნას) იწვევს. ასეთი ეფექტებისადმი მიილტვიან პათოლოგიური პიროვნებები, ნევროზიანები, ისინი, ვინც ვერ ახერხებს საზოგადოებასთან ადაპტირებას, ემოციური და ფიზიკური გადაძაბვის პირობებში მომუშავეები.

ალკოჰოლისადმი მიდრეკილების ჩამოყალიბებაში დიდ როლს ასრულებს სოციალური გარემოცვა, ოჯახური მიკროკლიმატი, აღზრდა, ტრადიციები, სტრესებისა და სტრესული სიტუაციების სიხშირე. უდავოა მემკვიდრეობითი ფაქტორების, სახელდობრ, ხასიათის თავისებურებისა და მეტაბოლური ცვლის დარღვევისადმი წინასწარგანწყობის გავლენა.

სიმთვრალის ხარისხი დამოკიდებულია სასმლის რაოდენობასა და ხარისხზე, ალკოჰოლისადმი ინდივიდუალურ მგრძნობელობასა და ადამიანის ფსიქოფიზიკურ მდგომარეობაზე. განასხვავებენ თრობის 3 ხარისხს: მსუბუქს, საშუალოს და მძიმეს. ტიპურ შემთხვევაში თრობის დროს მაღლდება გუნება-განწყობა, ადვილდება ურთიერთობა, ადამიანი კმაყოფილია საკუთარი თავით და ირგვლივ მყოფებით, ხდება თვითდაჯერებული და კომუნიკაბელური. უჩნდება კუნთების მოდუნებისა და ფიზიკური კომფორტის განცდა; მიმიკა ჩვეულებრივზე მეტყველია, მოძრაობა კი ნაკლებად ზუსტი.

არსებობს თრობის ატიპური ფორმები, როდესაც სიმთვრალის დასაწყისში ეიფორიის ნაცვლად გუნება-განწყობა ქვეითდება, ადამიანი გაღიზიანებულია, გაბოროტებული, უკმაყოფილო, აგრესიული.

მოზარდთა ალკოჰოლიზმი შეიმჩნევა უმთავრესად ისეთ ოჯახებში, სადაც მოზარდების მიმართ კონტროლი სუსტია, მეტადრეროცა მშობლებიც ალკოჰოლიზმით არიან დაავადებულნი. ალკოჰოლს უმთავრესად 13-15 წლის მოზარდები ეტანებიან, თუმცა აღრიცხულია ალკოჰოლის მოხმარების შემთხვევები უფრო ადრეულ ასაკშიც. მოზარდებში, განსაკუთრებითსისტემატური სმის დროს, სწრაფად ყალიბდება აბსტინენციის სინდრომი და ვითარდება ფსიქიკური მოშლილობა. მოზარდს ხასიათი ეცვლებაიღებს ფსიქოპათიურ ელფერს, რაც ან აგზნებადობის მატებით, აგრესიულობით, ან აქტიურობის, ინტელექტუალური შესაძლებლობების დაქვეითებით გამოიხატება. ამ ასაკში ხშირად ერთდროულად მოიხმარენ ალკოჰოლს და ნარკოტიკულ საშუალებებს.

ალკოჰოლიზმის მკურნალობა: ალკოჰოლიზმის მკურნალობა წარმატებით დაგვირგვინდება მხოლოდ მაშინ, როდესაც თავად ავადმყოფს სურს განკურნება, მაგრამ არც ერთი ალკოჰოლიკი თავს ავადმყოფად არ მიიჩნევს, ამიტომ საჭიროა ფსიქოლოგიური მომზადება ექიმ ნარკოლოგის, ფსიქოთერაპევტისა და ფსიქოლოგის დახმარებით.

სამედიცინო სტატისტიკა მოწმობს, რომ ადამიანთა დაახლოებით 83% რომლებიც ჭარბად ღებულობენ ალკოჰოლს, აღენიშნებათ გულის დაავადებები, 20% გასტრიტის და კუჭის წყლული, ხოლო 15% კი ტუბერკულიოზი.

სპირტიანი სასმელების ბოროტად გამოყენება ამცირებს სიცოცხლის ხანგრძლივობას საშუალოდ 15-20 წლით. ალკოჰოლიკის შვილებს, როგორც წესი სუსტი ჯანმრთელობა აქვთ და აღენიშნებათ მიდრეკილება მძიმე ნერვიული დაავადებებისაD(ეპილეფსია, იდიოტიზმი) და გონებრივი ჩამორჩენილობისაკენ.

რეპრეზენტატული შერჩევის საფუძველზე, 2007 წლის აპრილში ჩატარდა სატელეფონო გამოკითხვა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 16 წლისა და უფროსი ასაკის 1 500 თბილისელმა. მონაცემების სტატისტიკური ცდომილება არ აღემატება ± 2,6%-.

ზოგადად, თბილისელების ორი მესამედი (66%) მოიხმარს ალკოჰოლურ სასმელებს. როგორც აღმოჩნდა, ეს მამაკაცებისთვის უფრო დამახასიათებელია (77%), ვიდრე ქალებისთვის. თუმცა, თბილისელი ქალბატონების საკმაოდ დიდი ნაწილიც (53%) არ ამბობს უარს ალკოჰოლის მიღებაზე.

დღესდღეობით საქართველოში ალკოჰოლის მომხმარებელმა მოიმატა, ახალგაზრდების სახით. პარასკევი, შაბათი და კვირა ძირითადადდალევისდღეებად არის წარმოდგენილი. ეგრედ წოდებულიღამის კლუბებიამ დღეებში ახალგაზრდებით არის სავსე. ცოტას, თუ შეხვდებით ფხიზელ ადამიანს ასეთ ადგილებში.

ერთ-ერთი ბარის ბარმენ ბექას თქმით, ქართველი ერი არის დაკომპლექსებული ყველაფრისგან, შესაბამისად ახალგაზრდობაც, ამიტომ უჭირთ გართობა ალკოჰოლის მიღების გარეშე. გახსნაზე ჰყავდა კლიენტი, რომელმაც დალია 2 ნახევარლიტრიანი კონიაკი და 30 ბაკალი ლუდი. მისი თქმით ახალგაზრდები იმდენს სვამენ, რომ შემდეგ ითიშებიან. ხშირად გოგონებიც ისე თვრებიან, რომ ძლივს მიჰყავთ სახლში. ძირითადად მოთხოვნაა კონიაკზე.

რამდენიმე მშობელს გავესაუბრეთ და მათი თქმით, დღევანდელი ახალგაზრდობა ძალიან ბევრს სვამს და ეს იმის ბრალია, რომ მათ სხვა ინტერესები არ აქვთ, ისინი არ კითხულობენ წიგნებს, არ მუშაობენ, არ არიან დაკავებულნი სხვა უფრო საინტერესო რაღაცეებით. ისინი ამაზე ძალიან ნერვიულობენ. ერთ-ერთი შობელის თქმით უნდა იყოს აკრძალული ალკოჰოლის მიღება 18 წლამდე. ყველა მშობლისთვის ეს ძალზედ მიუღებელია, მათი აზრით, ჩხუბი, ავარია და უამრავი არასასიამოვნო რამ მოდის სიმთვრალიდან. შეიძლება დალევა დაბადების დღეებზე, დღესასწაულებზე, მაგრა ზომიერად და სიმბოლურად.

ახალგაზრდებთან საუბრისას, მათი უმეტესობის აზრით ალკოჰოლის მიღება აუცილებელია, როდესაც გასართობად მიდიხარ, მაგრამ იმდენი არ უნდა დალიო, რომ მეორე დღეს არ გახსოვდეს, ესეთ სიტუაციაშიც ხშირად ყოფილან. ბიჭების უმეტესობას ძირითადად აღიზიანებთ მთვრალი გოგონები. საუბრისას ახალგაზრდების ნაწილმა განაცხადა, რომ საკმაოდ ხშირად სხვამენ. მათი თქმით, ალკოჰოლი კარგია, რადგან მისი მიღებისას ხდებიან თავისუფლები, ხალისიანები და უფრო კონტაკტურები. 22 წლის მარიამმა თქვა, რომ იგი იმდენად ხშირად სვამს, რომ სახლში ნერვიულობენ მასზე, იგი დარწმუნებულია, რომ მას გალოთება არ ემუქრება, რადგან უბრალოდ მოწონს დალევა.

აღაპიშვილი ნანა, ფსიქოლოგი: მოზარდობის ასაკში დამოუკიდებლობას, ავტონომიას გრზნობენ ხოლმე ხშირად და თვლიან, რომ ისინი დამოუკიდებლები არიან , ამიტომ ისინი ფიქრობენ, რომ მათ შეუძლიათ მიიღონ ალკოჰოლი, გაატარონ დრო ისე, როგორც ზრდასრულები ატარებენ, მოაწყონ წვეულებები. ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ამას. დღეს ახალგაზრდებს არ აქვთ ფული, რომ იყიდონ ხარისხიანი სასმელი და ყიდულებენ იაფიან სასმელს, რომელიც სერიოზულ ინტოკსიკაციას იწვევს, მოქმედებს ფსიქიკაზე და შესაბამისად ეს აგრესიული და ძალადობრივი ქცევა მატულობს მათში.

Posted in საზოგადოება | Leave a Comment »

წეროვანი, ახლო ხედიდან

Posted by მარიამ ხიდირბეგიშვილი on January 15, 2011

 

მარიამ ხიდირბეგიშვილი

 

წეროვანი, ეს ის ადგილია, სადაც 2008 წლის ომის შემდეგ გადმოსახლებული ლტოლვილები ცხოვრობენ. ეს დასახლება ავტობანიდან კარად ჩანს. რიგებად ჩამწკრივებული ყველა კოტეჯი ერთმანეთს გავს.

ახალგორიდან დევნილი ქალბათონი სოფო ნათაძის თქმით, წეროვანში გადმოსახლებულებს კოტეჯში გაზის გამათბობელი, მაცივარი, რამდენიმე საწოლი და ტელევიზორი დახვდათ. შემდგომში უმეტესობამ საკუთარი ხარჯით მოაწყო სახლი. ზოგმა ოთახი მიაშენა, ზოგმაც მანქანის ფარეხი და ასე გაფართოვდნენ. ქალბატონი სოფოს თქმით, მათ ხშირად აგონდებათ თავიანთი სახლები, ეზოები და ის ცხოვრება, რომელსაც თავისდაუნებურად გამოეთხოვნენ.

ახალგორში ისინი აქტიურ ცხოვრებას ეწეოდნენ, ახლა კი 30 კვადრატულ მეტრში გამოკეტილებს უსაქმურად უწევთ ყოფნა. მორბელაძეების ოჯახი დიდია და მათ ძალიან უჭირთ ორ ოთაში მოთავსება. ქალბატონი ლუბას თქმით, ეს უსამართლობაა, რადგან არის ბევრი კოტეჯი, სადაც მხოლოდ ერთი ადამიანი ცხოვრობს, მათ პატარა ბინაში კი ორი ოჯახს უწევს ცხოვრება.

ახალგორელები ყვებიან, რომ კოტეჯები უსამართლოდ განაწილდა, რამაც მოსახლეობას შორის კონფლიქტი გამოიწვია.

ერთ-ერთი სახლის კარზე ვაკაკუნებ. სასიამოვნო ქალბატონი მეგებება, ყავას და ახალგორულ ნამცხვარს მთავაზობს. მეზობელ ხნიერ კაცს ურეკავსპროფესიით ჟურნალისტს. საუბრისას ქალბატონის მეუღლე და მეზობელიც გვიერთდებიან.

`აქ ყველანი ერთნი ვართ,” – მეუბნება სახლის დიასახლისი, მარიკა დურგლიშვილი. მისი თქმით, წეროვანში ყველა ერთნაირად ცხოვრობს, ყველას ერთნაირად უჭირს, მათაც ვინც მდიდრულად ცხოვრობდა ახალგორში და იმ ოჯახებსაც, რომლებიც გაჭირვებულნი იყვნენ.

მარიკა დურგლიშვილის განცხადებით, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო, მათ უკვე რამდენიმე თვეა აღარ ეხმარება. საკვებს აქამდე გაეროს დახმარებით იღებდნენ. პაკეტში შედიოდა: მაკარონი, ბრინჯი, ზეთი. ასევე: სარეცხის ფხვინი და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთები. ახლა კი არც ის ელემენტალური დახმარება აქვთ, რომელიც თვეში ერთხელ მისდიოდათ.

`დახმრება, არსებობს არა მხოლოდ მატერიალური, არამედ სულიერიც,”_ მეუბნება ჟურნალისტი როლანდ ოვაშვილი. იგი ამბობს, რომ ხელისუფლებასთან პირდაპირი ურთიერთობა არ აქვთ, ინფორმაციულად კი ვაკუუმში იმყოფებიან. ვერ გაურკვევიათ საკუთარი სოცილაური სტატუსი, ვერც ის, ეკუთვნით თუ არა ის საცხოვრებელი სახლი, სადაც ახლა ცხოვრობენ, რა ელით მომავალში. მათ როგორც იციან, ამჟამად სახლების დამტკიცებაზე მიდის საუბარი სამინისტროში. აქვთ შეკითხვები, პასუხებს- ვერ იღებენ. როგორც ბატონი როლანდი ამბობს, დასახლებაში ხშირად ჩამოდიან ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წარმომადგენლები, მაგრამ მათთან შეხება არ ჰქონიათ.

ავთანდილ ჩიგოევი, ოჯახის უფროსი – “დახმარებას წეროვანში მცხოვრები ყველა დევნილი იღებს, ოჯახის უფროსი 30 ლარს, დანარჩენი წევრები 22-24 ლარს. პენსია აქვთ დანიშნული მოხუცებს, თუმცა სამედიცინო მეთვალყურეობის ნაკლებობას უჩივიან, საკუთარი შემოსავლით წამლების ყიდვასაც ვერ ახერხებენ. გაზის გადასახადიდან 50 ლარს სახელმწიფო იხდის. თუ ლიმიტს გადავაჭარბეთ გადახდა თავად გვიწევს. იგივე ტიპის შეღავათებია ელექტროენერგიაზეც. დასუფთავებასა და წყალზე კი მხოლოდ ხელისუფლება ზრუნავს. ეს შეღავათები არის, მაგრამ შემოსავალი საერთოდ არ აქვს ზოგიერთ ოჯახს, დასაქმებული ძალიან ცოტა მოსახლეა”.

ვალერი კოპალეიშვილი, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსია. ის ყველა ჩემს კითხვას უსმენს.

კითხვაზე თუ რა დახმარებებს სთავაზობენ წეროვანში დასახლებულ სტოლვილებს და ასევე აქვთ თუ არა ხშირი კონტაქტი მათთან , მან მიპასუხა – “დევნილთა ორი ტიპი არსებობს არის კომპაქტური და კერძო ლტოლვილი. წეროვანში მცხოვრები ახალი ლტოლვილები არიან და ისინი კომპაქტური ლტოლვილების კატეგორიას განეკუთვნებიან. მათ ლოტვილის სტატუსი ჯერ არ აქვთ. წეროვანში დასახლების დღიდან ჩვენ მათ დახმარებას ვუწევთ. თავიდან გაეროს დახმარებით მოსახლეობას ფულადი დახმარებაც გავუწიეთ სულზე 200 ლარი, ასევე თუ ბავშვები ჰყავდათ კიდევ დამატებით სხვა დახმარება ეკუთვნოდათ. შემდეგ ასევე გაეროს 1 წლიანი პროექტის მიხედვით თვეში ერთხელ მისდიოდა პროდუქტი, და სახლისთვის საჭირო ნივთები. ასევე ვეხმარებოდით კომუნალური გადასახადების გადახდაში. ჩვენ ძალიან ხშირი კონტაქტი გვაქვს წეროვანის მოსახლეობასთან. იქ არის ადგილობრივი პოლიცია, რეგიონალური სამსახური და ასევე ადგილობრივი თვითმართველობა, რომელიც იქ მხოლოდ იმ მიზნით არის, რომ ამ ხალხს დაეხმაროს. რაც შეეხება იმ დახმარებებს, რომელიც შეწყვეტილია უკვე 6 თვეა და წეროვანის მოსახლეობა ვერ იღებს, ეს იმის ბრალია, რომ გაერომ ვეღარ შეძლო ამდენი ლტოლვილის დახმარება და მხოლოდ ისეთებს ეხმარება, რომელთაც მართლაც არანაირი შემოსავალი არ აქვთ.

წეროვანის მოსახლეობის პრობლემებიდან გამომდინარე, ჩემი მომდევნო კითხვა ეხებოდა სახლების დაკანონებას, დაკანონების შემდეგ იმ დახმარებების შეწყვეტას, რომელსაც დღეს წეროვანის მოსახლეობა იღებს და თან არც ყოფნის. მისი პასუხი ასეთი იყო : “სახლების დაკანონება მართლაც ხდება. ამ პერიოდში მიმდინარეობს ამ საქმის განხილვა და მელე ეს კანონი ძალაში შევა. კანონი, როდესაც ძალაში შევა და წეროვანის მოსახლეობა დაიკანონებს ამ სახლებს მათ უკვე აღარ ექნებათ ეს სოციალური დახმარება, ანუ ის ფულადი დახმარება, რომელსაც დღეს იღებენ და იქნებიან ჩვეულებრივ კერძო ლტოლვოლები, რომლებიც მიიღებენ ხელისუფლებისგან 28 ლარს თვეში. ეს ეკუთვნის ყველა ოჯახის წევრს და იცხოვრებენ ისევე, როგორც სხვა კერძო ლტოლვოლები. მათი უკმაყოფილება, გასაგებია, რადგან ისინი სხვა გარემოში ცხოვრობენ, ახალი ცხოვების დაწყება მოუწიათ. და ალბათ ეს ყველასთვის ძალიან ძნელი იქნებოდა. მათი დღე იმაზე ფიქრით იწყება, თუ როდის დაბრუნდებიან თავიანთ მიწაზე. ეს კი არა მარტო მათთვის, ყველასთვის გაურკვეველი თემაა.

Posted in საზოგადოება | Leave a Comment »

თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატის შენობას 10 ოთახი მიემატა

Posted by თამუნა ნარინდოშვილი on January 11, 2011

თამარ ნარინდოშვილი

73 წლის ჟუჟუნა გოცირიძე 8 დეკემბრიდან თემქაზე მდებარე თბილისის ხანდაზმულთა სახელმწიფო პანსიონატში ახალ ოთახში ცხოვრობს. მასთან ერთად ოთახში კიდევ 3 მოხუცი ცხოვრობს. პანსიონატმა 40 ახალი ბენეფიციარი მიიღო.

ჟუჟუნა 2009 წლის იანვრიდან პანსიონატში მოხვედრის მსურველთა სიაში იყო ჩაწერილი. თუმცა, მიიღეს დადგენილება, რომ პანსიონატში მხოლოდ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოხუცები მიიღებიან, გოცირიძის განახცადი დაუკმაყოფილებელი აღმოჩნდა.  ის არ იყო სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი პირი. ჟუჟუნას თქმით, მას შესთავაზეს, რომ პანსიონატში მიიღებდნენ თუ თვეში 150 ლარს გადაიხდიდა. თუმცა მან უარი განაცხადა. მოგვიანებით,  ჟუჟუნა სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი პირი გახდა და მოხვდა პანსიონატში.

სახელმწიფოს ზრუნვის სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის დათო კობახიძის თქმით, 2010 წლის 8 დეკემბერს 10 ახალი ოთახი მიემატა პანსიონატს, სადაც 40 მოხუცი იცხოვრებს. ოთახები აღჭურვილია საჭირო ინვენტარით. კობახიძემ აღნიშნა: ,,პანსიონატს დიდი დერეფნები ჰქონდა. ამიტომ მათი დავიწროების ხარჯზე ახალი ოთახების განლაგება შესაძლებელი გახდა.’’

83 წლის ლიდა პანჩენკო პანსიონატის ახალ ოთახში ცხოვრობს. ის თავშესაფრის მომსახურებით კმაყოფილია. თუმცა სურს, რომ ოთახში მარტო ცხოვრობდეს.

სახელმწიფო პანსიონატი ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში იმყოფება. საქართველოში 2 სახელმწიფო პანსიონატია: თბილისსა და ქუთაისში. აღნიშნულ თავშესაფრებში მცხოვრები მოხუცები გადასახადს არ იხდიან. თბილისის პანსიონატში 120-მდე ხანდაზმული ცხოვრობს. ქუთაისის პანსიონატში დაახლოებით იმავე რაოდენობის მოხუცია. დათო კობახიძემ განაცხადა, ქუთაისის თავშესაფარში დროებით იმყოფებიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდები. მათთვის საცხოვრებლად განკუთვნილია მარტყოფში ახლადგახსნილი ცენტრი. თუმცა შენობის სარემონტო სამუშაოები ჯერ ბოლომდე არაა დასრულებული.

პრესსამსახურის მიერ  მოწოდებული ინფორმაციით, პანსიონატში საღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი პირები  საპენსიო ასაკის დაწყებიდან მიიღებიან: ქალები 60 წლიდან, კაცები 65 – დან. თავშესაფარში ცხოვრების მსურველები ეწერებიან რიგში. პანსიონატში ხანდაზმულის გარდაცვალების ან თავშესაფრის თავისი სურვილით დატოვების შემთხვევაში, სიაში თავდაპირველად ჩაწერილი მოხუცი მიიღება პანსიონატში.

ხანდაზმულთა პანსიონატში მოხუცებს დღეში ოთხჯერადი კვების რაციონი აქვთ. ხანდაზმულებს ტანსაცმლით უზრუნველყოფს სახელმწიფოს ზრუნვის სააგენტო. მოხუცებს ჰყავთ სოციალური მუშაკები, ფსიქოლოგი, ექთნები. ხანდაზმულის ავადმყოფობის შემთხევაში ხარჯს ზრუნვის სააგენტო დაფარავს. თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატის მცხოვრებს პავლე ბულალაურს ჰერპესის ვირუსი აწუხებდა, ამის გამო საავადმყოფოშიც იმყოფებოდა, ახლა გამოჯანმრთელდა.

სახელმწიფო პანსიონატებს ეხმარებიან არასამთავრობო, სამთავრობო ორგანიზაციები, შუობიზნესის წარმომადგენლები, ბიზნესმენები. მოხუცებისთვის იმართება სპეციალური შემოქმედებითი, გასართობი საღამოები. 2010 წლის 22 დეკემბერს თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატში ირმა სოხაძემ  მუსიკალური საღამო გამართა.

 

Posted in ახალი ამბები, საზოგადოება | Leave a Comment »

დევნილებს თბილისის გარეთ ცხოვრება არ უნდათ

Posted by თამუნა ნარინდოშვილი on January 11, 2011

თამარ ნარინდოშვილი

აფხაზეთიდან დევნილი 61 წლის ზაირა ჩარკვიანი ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ეზოში გაშლილ კარავში ცხოვრობს. ის ამბობს, რომ თბილისის გარეთ ცხოვრება არსად  უნდა. ზაირა 2010 წლის 16 აგვისტოს მაჩაბლის #8 – დან, ყოფილი წყალგაყვანილობის შენობიდან, გამოასახლეს.

ზაირა ჩარკვიანმა განაცხადა: ,,გამოსახლებისას ჩვენ განგვიმარტეს, რომ ეს საცხოვრებელი ფართი ეკუთვნოდა გიორგი სადაღიშვილს. როგორც გავარკვიეთ, ამ შენობის მხოლოდ ნაწილი ეკუთვნოდა სადაღიშვილს.”

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენლის ეკა გულუას მიერ მოწოდებული ინფორმაციით, დევნილთა ნაწილი  საცხოვრებელი ფართით დააკმაყოფილეს. 2010 წლის სექტემბერში ჩაქვში დევნილებმა ახალი საცხოვრებელი ფართი  მიიღეს. იძულვებებით გადაადგილებული 104 ოჯახი  ყოფილი სკოლის შენობაში შესახლდა. ეკა გულუას თქმით, მათ შორის ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ეზოში კარვებში მცხოვრები დევნილებიც იყვნენ.

სამინისტროს ეზოში კარავში ცხოვრობს აფხაზეთიდან დევნილი მამუკა ესიავა. ის საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეა. ესიავამ განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ თბილისში საცხოვრებელ ადგილს არ გამოუყოფენ, ორივე ქვეყნის მოქალაქეობზე უარს იტყვის. ის შვეიცარიის საელჩოს მიმართავს თხოვნით, რომ შვეიცარიამ შეიფაროს.

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ეზოში განლაგებულ კარვებში ცხოვრობენ დევნილები, რომლებიც თბილისის გარეთ ცხოვრებაზე თანახმანი არიან. ერთერთი მათგანია ნატო ხაფავა. მას ქალაქგარეთ ცხოვრებაზე არანაირი პრეტენზია არ აქვს. ნატო ხაფავამ აღნიშნა: `არის შემოთავაზება, რომ 8 ოჯახს თეთრი წყაროს რაიონში შესაძლებელია, საცხოვრებელი ფართი გამოგვიყონ.~

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ვებ-გვერდზე (mra.gov.ge) 2010 წლის 16 დეკემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, საცხოვრებლად ვარგისი შენობების მცირე რაოდენობის გამო ალტერნატიული ფართის შეთავაზება კახეთსა და სამეგრელოშია შესაძლებელი. სამინისტრომ დევნილებს მხოლოდ იმ შემთxვევაში შეიძლება გამუყოს თბილისში საცხოვრებელი ადგლი თუ ისინი კანონიერად ცხოვრობენ ოფიციალურად რეგისტრირებულ კოლექტიურ ცენტრებში. (mra.gov.ge)

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ეზოში 5 კარავი დგას. თითოეულ კარავში რამდენიმე დევნილი ცხოვრობს. თუმცა ერთ კარავში 40 ადამიანი რიგრიგობით ცხოვრობს. დანარჩენ ღამეებს კი ნათესავებთან და ახლობლებთან ათევენ. კარავში დევნილებს აქვთ ლეიბები, გაზქურა, პირველადი მოხმარების ჭურჭელი. ისინი ეზოში დანთებულ კოცონთან თბებიან.

კარავში მცხოვრები დევნილი ლალი ლაბჟანია ამბობს, რომ მათთვის რაიმე სოციალური დახმარება ორგანიზაციებს არ გაუკეთებიათ. დევნილებს სამინისტროს ტერიტორიასთან არსებულ ბინებში მცხოვრები ადამიანები ეხმარებიან.

 

Posted in საზოგადოება | Leave a Comment »

ერთი სტუდენტური დღე

Posted by მანჩო ნოდია on January 3, 2011

ის ჩვეულებრივი სტუდენტია. მეც სტუდენტი ვარ. ორივე თბილსის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვსწავლობთ. მეოთხე კურსს ვამთავრებთ. რაც მთავარია, ორივე ჟურნალისტობას ვაპირებთ.  სალი შენგელიძე ამბობს, რომ მისი სტუდენტობის ყოველი დღე ერთმანეთის მსგავსია.

სალი შენგელიძე:

“არ მიყვარს უნივერსიტეტი ხანდახან. უნივერსიტეტს ბაღი მირჩევნია, კაცი იქ ლუდს მაინც დალევს გამოცდების შემდეგ ზაფხულის ცხელ საღამოს.  ჩემი არსიყვარული ლამის სიძულვილად იქცევა ხოლმე, როცა ლექცია მაქვს დილით.  და ტარეგდიაც ისაა, რომ კვირაში ოთხი დღე დილით მაქვს ლექცია. მძიმეა ჩემი უნივერსიტეტული დღეები.”

მე და სალი ერთ-ერთი კაფისკენ მივიწევთ. ეს სტუდენტებისთვის საყვარელი კაფეა, სადაც ყავა არც ისე ძვრი ღირს და კაფის ინტერიერიც სტუდენტურ გემოვნებას შეესაბამება.

სალი შენგელიძე:

“ვიღვიძებ რვა საათზე, მაშინ როცა დილის ხუთ საათზე ვწვები “ფეისბუქის”, უგემოვნო ფილმების თუ სხვა უსარგებლი რამის გამო. დილით ვიცვამ იმას, რაც ხელში მომხვდება ხოლმე.  სარკეში ჩახედვისას მახსენდება ჩემი “გოგოობა” და ზრდილობის გამო ტუჩსაცხს გადავისვამ. ყავა მაფხიზლებს და მაფიქრებინებს, რომ ცხოვრება მაინც მშვენიერია, თუნდაც უნივერსიტეტის მეოთხე კურსის სტუდენტის, რომელმაც ეს-ესაა გაიღვიძა და რომელსაც, მართალია არ აინტერესებს ფსიქოლოგიის ლექტორი, მაგრამ ფსიქოლოოგიის ლექტორსაც არ აინტერესებს მეოთხე კურსის სტუდენტი, რომელმაც ახლახან გაიღვიძა და რომელსაც ქულას არ აღირსებს.”

ყავა, სიგარეტი და თავაზიანი ღიმილი. ჟურნალისტურ-სტუდენტური ცხოვრება რაღაცით გავს ერთმანეთს. კაფეში სტუდენტური აურაა. გვერდითა მაგიდიდანაც ანალოგიური შინაარსის საუბარი ისმის. გოგონა მეგობარს მკაცრ ლექტორის შესახებ შესჩივის.

სალი შენგელიძე:

“მერე ორ საათიანი “ფანჯარა” და “ქსეროქსები” მაქვს ხოლმე.  “ქსეროქსებს” მთელი ჩემი ბიუჯეტი მიაქვს…”

მახსენდება ჩემი ერთი მეგობარი, რომელიც საზღვარგარეთ სწავლობს, კერძოდ, კენიონში. იქაურ სასწავლო სისტემაზე ხშირად გვისაუბრია. “ქსეროქსები” არასდროს დასცდენია. იქ სტუდენტებს სასწავლებელში ხვდებათ საჭირო წიგნები. აქ… აქ ჯერ რეფორმებს ატარებენ განათლების სისტემაში და ეპატიებათ “ქსეროქსიანი” სტუდენტები, ალბათ…

მე და ჩემი რესპონდენტი ამასობაში კაფიდან გამოვედით და ერთმანეთს დავემშვიდობეთ. ერთი სტუდენტური დღე ორივესთვის დასრულდა. ხვალ ბევრი ლექცია მაქვს…

Posted in საზოგადოება | Leave a Comment »

რას ჭამენ დღეს სტუდენტები

Posted by ხატია დიდებაშვილი on January 3, 2011

,,სტუდენტები ძირითადად იაფფასიან საკვებს ეტანებიან” – ამბობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მზარეული დოდო ბედენაშვილი. მისი თქმით, მთელი დღის განმავლობაში მიღებული შეკვეთებიდან 80% ფრიზე (ზეთში შემწვარი კარტოფილი) მოდის. დიდი მოთხოვნაა ცომეულზეც, ძირითადად ლობიანზე და ხაჭაპურზე.ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სამი, მათ შორის, ლიტერატურული კაფე ფუნქციონირებს. ლიტერატურულ კაფეში სტუდენტებს შეუძლიათ ნამცხვარი ან წვენი შეუკვეთონ და წიგნის კითხვისას თავი შეიქციონ, თუმცა უფრო ნოყიერი კერძების შეკვეთა მთავარ კაფეში UNIFOOD-შია შესაძლებელი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი თავის სტუდენტებსს,  GOODFOOD-ის სწრაფი კვების ქსელის მენიუს სთავაზობს.

ფრისა და ცომეულის გარდა, UNIFOOD- ისა და GOODFOOD-ის მენიუ სტუდენტებს ცხელ კერძებს, სუპებს, სალათებს, გარნირებს, ნატურალურ წვენებს და ა.შ. სთავაზობს. თუმცა, როგორც ქალბატონი დოდო ამბობს, ცხელ კერძებს დღეში  მხოლოდ ათამდე სტუდენტი უკვეთავს.

როგორც ილიას უნივერსიტეტის მენიუდან ვიგებთ, ფრი (200 გრ) – 1, 50 ღირს. ლობიანი – 1, 30  ხაჭაპური – 1, 50. რაც შეხება ცხელ კერძებს ფასი 4,50 ლარიდან 5,00 ლარამდე მერყეობს. წვნიანი – 2 დან  2,50- მდე, გარნირი კი 1,50 დან 1,80-მდე.

GOODFOOD-შიც თითქმის იგივე მდგომარეობაა. ფასები ოდნავ თუ განსხვავდება. ზოგი კერძი ილიას უნივერსიტეტში უფრო იაფია, ზოგი კი პირიქით, GOODFOOD – ში. თუმცა ილიას უნივერსიტეტისგან განსხვავებით GOODFOOD -ში ფრი (200 გრამი) 1 და 90 ღირს. ხაჭაპური და  ლობიანი 1 და 70.

ილიას უნივერსიტეტის მსგავსად GOODFOOD–შიც იგივე სიტუაციაა  GOODFOOD-ის მენეჯერის, ნინო ბანძელაძის თქმით, სტუდენტების უმეტესობა ფრის, ლობიანს და ხაჭაპურს უკვეთავს.

,,ამ ფასად შეიძლება სალათებიც ვიყიდო, მაგრამ არ მანაყრებს. სალათით რომ დავნაყრდე, ორი პორცია მაინც უნდა შევიძინო, ასე კი ბევრი დამეხარჯება. ამიტომ ცომეულს ვყიდულობ, ლობიანი გაცილებით ნოყიერია” – ამბობს თსუ-ს სტუდენტი, მარიამ ტაბაღუა.

იმის დასადგენად თუ რამდენად შეესაბამება უნივერსიტეტში არსებული ფასები სტუდენტების ჯიბის ფულს გამოკითხვა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სტუდენტებმა ჩაატარეს.120 გამოკითხული სტუდენტის თანახმად გაირკვა, რომ  სტუდენტების მიერ კვებისთვის გათვალისწინებული თანხა საშუალოდ 3 ლარს შეადგენს. სტუდენტების თქმით, ეს ის თანხაა, რომლითაც ცომეულს და გაზიან სასმელს თავისუფლად იყიდი, დანაყრდები კიდეც და სახლში მისვლამდეც როგორმე გაძლებ.

,,შარშან პრობლემებიც მქონდა ნაღვლის ბუშტთან დაკავშირებით. ექიმმა მითხრა, არასწორი კვების ბრალიაო, თუმცა ლობიანების ჭამას დღემდე განვაგრძობ. თუ სწორად კვებაზე ვიფიქრებ, ბევრიც დამეხარჯება” – ამბობს სალომე ცეცხლაძე.

სალომეს მსგავსად ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ლანა ჩხეტიანსაც ჰქონდა პრობლემები. როგორც თავად ამბობს, პრობლემა მარტივად გადაჭრა.

,,იმის გამო, რომ ჯანსაღ კვებას დიდი თანხა სჭირდება, საჭმელს სახლში ვამზადებ, პატარა კონტეინერში ვათავსებ და სახლში მისვლამდე შიმშილის გრძნობას ასე ვიკმაყოფილებ” –ამბობს ლანა.

გამოკითხული სტუდენტები სამ კატეგორიად დაიყო.  კატეგორია, რომელსაც გარეთ კვებისთვის ფული ლარსს ქვემოთ აქვს. მეორე კატეგორია, რომელიც ორიდან-სამ ლარამდე ატარებს და მესამე- რომელიც დღის განმავლობაში საკვებად ხუთიდან-შვიდ ლარამდე ითვალისწინებს.

გამოკითხული სტუდენტების  95 % ამბობს, რომ ძირითადად ცომეულით იკვებება.

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ სტუდენტები, რომლებსაც ყოველდღიურად 5-7 ლარი აქვს კვებისთვის მაინც ფრის ან ცომეულს არჩევს. როგორც ისინი ამბობენ, ცომეული ადვილად ანაყრებს, იმავე ფასად ნაყიდი სალათი ან ცხელი კერძი კი იმდენად ცოტაა, რომ ყიდვას აზრი არ აქვს.

როგორც UNIFOOD -ის მენეჯერი, თამუნა სალაყაია ამბობს, საკვების ფასი პროდუქტების საბაზრო ფასზეა დამოკიდებული. პროდუქტის ფასის ცვლილებასთან ერთად საკვების ფასიც ან მატულობს, ან კლებულობს. საკვებისთვის საჭირო პროდუქტებს კი თბილისის მასშტაბით ჩვეულებრივ მაღაზიებში ყიდულობენ.

,,გარდა იმისა, რომ საკვების ფასზე პროდუქტის ღირებულება მოქმედებს, დამატებით იმისთვის რომ მოგება დაგვრჩეს, თანხას ვამატებთ” – ამბობს თამუნა სალაყაია.

მაგალითად, საქონლის კატლეტი პიურესთან ერთად (300 გრამი), რომელიც UNIFOOD_ის მენიუს მიხედვით  4, 50 ლარი ღირს,  სუპერმარკეტში  მის შემადგენლობაში არსებული პროდუქტების ღირებულება  ცალ-ცალკე  ასეთია – საქონლის ხორცი (100 გრამი) – 1 ლარი და 20 თეთრი, კარტოფილი (200 გრამი) – 30 თეთრი,  სხვადასხვა სანელებლები და ცხიმი – მაქსიმუმ 30 თეთრი. საერთო ჯამში კერძის ღირებულებამ 2 და 80 თეთრი  შეადგინა,

გავითვალისწინოთ ასევე კერძის მომზადებისათვის დახარჯული ბუნებრივი აირი ან ელექტრო-ენერგია, პროდუქტების ტრანსპორტირებისათვის საჭირო თანხა, მზარეულისათვის გადასახდელი ხელფასი და ა.შ,  რაც  როგორც წესი საკვების თვითღირებულების 50%-ს შეადგენს. როგორც ჩანს, კერძის ფასი 4 და 50 თეთრამდე თავისუფლად ადის, ეს თანხა კი სტუდენტის ჯიბის ფულს დაახლოვებით 1 ლარითა და 50 თეთრით აღემატება.

Posted in საზოგადოება | Leave a Comment »

ჰომოფობია, ანუ ადამიანი ადამიანის წინააღმდეგ

Posted by თამუნა ჯანაშია on December 30, 2010

„ვინც მამაკაცთან დაწვება ისე, როგორც ქალთან წვებიან, სიბილწეს ჩაიდენენ ორივენი, უნდა მოკვდნენ. მათზეა მათი სისხლი“.


ლევიტელთა წიგნი მე-20 თავის მე-13 მუხლი

“მე პირველ რიგში ადამიანი ვარ და არა გეი.”- ირაკლი 20 წლის
საქართველოში არ არსებობს კანონი, რომელიც დამნაშავედ მიიჩნევს სხვა ორიენტაციის ადამიანს. ნებისმიერ ჩვენთაგანს აქვს უფლება მოეწონოს და იყოს მთელი ცხოვრება იმასთან ერთად, ვისთანაც სურს. არ უნდა ჰქონდეს მნიშვნელობა, ქალთან იქნება თუ კაცთან. ეს მხოლოდ კანონის თანახმად.
ქართულ რეალობაში არსობებს კანონის გარდა, სხვა შემზღუდავი ნორმები. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი მართლმადიდებელია, ეკლესიის აზრს საზოგადოებაზე დიდი გავლენა აქვს. იოანე ოქროპირი წერს, “სოდომი უფრო საშინელია, ვიდრე მრუშობა, რომელიც მართალია უკანონოა, მაგრამ ბუნებრივია, მამათმავლობა კი უსჯულოებაცაა და ამავე დროს, ბუნების წინააღმდეგ მიმართული ცოდვაც. რომ არ ყოფილიყო გეენა, მაშინ მამათმავლობა იქნებოდა ყველაზე დიდი სასჯელი“. ეკლესიის პოზიცია ნათელია, ხალხის დამოკიდებულება კი მრავალგვარი.

საინტერესოა მაგალითად თუ მოვიყვანთ სხვა რელიგიის სწავლებას ამ საკითხთან დაკავშირებით. სენეგალში, რომლის მოსახლეობის 95 პროცენტი მუსულმანია, ჰომოსექსუალობა კანონსაწინააღმდეგო ქმედებად ითვლება და 1 დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

ბევრ ქვეყანაში ძალიან მკაფიოდ არის განსაზღვრული ჰომოსექსუალების მიმართ დამოკიდებულება. მაგალითად, სერბეთი -127 ხმით 59-ის წინააღმდეგ სერბეთის პარლამენტმა მიიღო კანონი რომელიც კრძალავს სექსუალური ორიენტაციის ნიადაგზე ყოველგვარ დისკრიმინაციას. აშშ – დასავლეთ ვირჯინიის შტატში მიიღეს კანონპროექტი რომელიც მიზნად ისახავს ჰომოსექსუალი ადამიანების მიმართ ყოველგვარი დისკრიმინაციული ფაქტების აღმოფხვრას. ყურადღება გამახვილებულია განსაკუთრებით შრომით საქმიანობაზე, უძრავი ქონების ყიდვასა და კრედიტების გაცემის პოლიტიკაზე.

“ადამიანებმა არ იციან რომ ბიჭები მომწონს და ჩვეულებრივად ურთიერთობენ, მაგრამ რომ ვთქვა ხმამაღლა, რომ მე გეი ვარ, ალბათ ყველა მომერიდება. საინტერესოა რატომ.”- ამბობს ირაკლი პირად საუბრებში, რომელსაც ბავშვობიდან მამაკაცებთან ურთიერთობა იზიდავდა.

მეცნიერულად, ტერმინი ჰომოფობია ნიშნავს უსაფუძვლო შიშს, ან დისკრიმინაციას ჰომოსექსუალობისა და ჰომოსექსუალთა მიმართ. ეს კი დღევანდელობის უდიდეს სოციალურ პრობლემას წარმოადგენს. განსაკუთრებით, ისეთ ტრადიციულ, კულტურულად და სულიერად მდიდარ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა.
ირაკლის თქმით, „საქართველოში, სადაც ძალიან პატარა და ჩაკეტილი საზოგადოებაა, რთულია ეწეოდე სექსუალურ ცხოვრებას, მითუმეტეს ჰომოსექსუალურს, და ამის შესახებ მარტო მათ იცოდნენ ვინც შენ გაწყობს და გინდა“

რა იწვევს საზოგადოებაში ზიზღს და უარყოფით დამოკიდებულებას ჰომოსექსუალების მიმართ.
ძალიან ბევრი ადამიანი თვლის რომ ჰომოსექსუალები ფსიქოლოგიურად არიან დაავადებულები. და თუ მოინდომებენ შეუძლიათ საკუთარი შეგნების შეცვლა. თუმცა, არსებობს კიდევ ერთი კატეგორია, რომელათვისად ადამიანის გამოხატვის თავისუფლება უპირველესია და ყველა თანასწორია.

„საშინელებაა სტიგმა და იარლიყი, რომელიც ლგბტ(ლესბო-გეი-ბი-ტრანს) ხალხს მოგვაწებეს. ვერც კი აანალიზებენ რატომ, უბრალოდ ადამიანებს სჭირდებათ მტრის ხატები და მტრის ხატად, ხან რელიგიური უმცირესობები იქცევიან ხოლმე, ხან ფერადკანიანაები და ხანაც ლგბტ ადამიანები.“- ამბობს ირაკლი.
აშკარაა, რომ საზოგადოება სერიოზული პრობლემის წინაშე დგას. ჰომოფობია, რა თქმა უნდა აზიანებს ჰომოსექსუალებს და ამის გამო მათ ფსიქოლოგიური პრობლემები ექმნებათ. იკეტებიან საკუთარ თავში და გარემოში, არ შეუძლიათ ხმამაღლა თქვან სიმართლე.
რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების შეგნების გაგებაც. ძალიან ბევრი ქართველისთვის ჰომოსექსუალობა არის „ შეგნებული გაიკუღმართება“ და უბრალოდ „მოდურობა“
ერთი შეხედვით, ბევრისთვის ძალიან უმნიშვნელოა სხვა ადამანის მიმართ გამოხატული უარყოფითი დამოკიდებულება, თუმცა ძალიან ხშირად ჰომოფობიას რთულ შედეგამდე მივყავართ.

„დღესდღეობით აღარ მჯერა რომ ღმერთი არსებობს და თუ არსებობს აღარ მჯერა რომ მას ყველა თავისი შვილი უყვარს, მას რომ ვყვარებოდი ან ასეთად მე არ გამაჩენდა ანდა ქართულ საზოგადოებას არ მისცემდა ჰომოფობიის ნებას. მაგრამ ფაქტები მხოლოდ იმაზე მეტყველებენ რომ ღმერთი ან ადამიანებმა გამოიგონეს, ანდა ღმერთი არსებობს და ის ყველაზე ხშირად ცდება.“

Posted in საზოგადოება | Leave a Comment »

ავტობუსების მარშრუტები შემცირდა

Posted by Elina Saakyan on December 30, 2010

ვის აწყობს ავტობუსების მარშრუტების გაუქმება და რეისების შემცირება? ამ კითხვაზე ნებისმიერი  თბილისელი ასეთ პასუხს გაგცემთ: – “თბილისის სატრანსპორტო კომპანია ჩვენზე დიდ ფულს აკეთებს”.

ქალაქ თბილისის მთავრობის 2010 წლის 29 ოქტომბრის დადგენილებით, მიმდინარე წლის პირველი ნოემბრიდან ძალაში შევიდა ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში, ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით, ავტობუსების (M3 კატეგორია) ახალი სამარშრუტო სქემა. ავტობუსების 36 მარშრუტი გაუქმდა, 33 მარშრუტს მოძრაობის სქემა შეეცვალა, დაემატა 2 ახალი მარშრუტი, ხოლო იმავე რეისით 56 მარშრუტი მოძრაობს.

ახალი სქემის ძალაში შესვლადმე თბილისის ქუჩებში სამი ზომის ავტობუსები მოძრაობდა: “იკარუსი” , დიდი და პატარა ზომის  “ბოგდანი”. დღეს “იკარუსი” აღარ ფუნქციონირებს. რეისები, რომლებსაც ის ახდენდა  გაუქმდა ან შემცირდა.

ახალმა სამარშრუტო სქემამ ხალხში აღშფოთება გამოიწვია. მგზავრებს ავტობუსით მოძრაობა ორჯერ მეტი უჯდებათ.

მარინა მესხი – 46 წლის გამყიდველი:

- “ვაგზლის მოედანზე ვმუშაობ, ხოლო ვცხოვრობ აფრიკის დასახლებაში. ადრე სამუშაოზე 2 ნომერი ავტობუსით მივდიოდი, სამსახურში მისვლისთვის და სახლში დაბრუნებისთვის 80 თეთრი მჭირდებოდა. რეისების შემცირებაში 2 ნომერიც მოხვდა. დღეს სამუშაოზე წასასვლელად 80 თეთრის ნაცვლად 1 ლარი და 60 თეთრი მჭირდება. საფასურს თავი რომ დავანებოთ, “იკარუსის” მაგივრად პატარა “ბოგდანი” დადის. დიდი ავტობუსი ყოველთვის სავსე დადიოდა, პატარა “ბოგდანში” დიდი შანსია, რომ ვერც ახვიდე. ამის გამო სამუშაოზე ხშირად მაგვიანდება. საერთოდ არ ვიმგზავრებდი ავტობუსით, მაგრამ სხვა გამოსავალი არ მაქვს”.

მსგავსი პრობლემა ძალიან ბევრს მგზავრს აქვს. 1 ნოემბრიდან ზოგი მგზავრი პროტესტის ნიშნად ბილეთის შეძენაზე უარს ამბობს, ხოლო მონიტორინგის სამსახურს ბილეთის წარდგენის თხოვნის შემთხვევაში “ავ ძაღლებს” უწოდებენ.

სტუდენტებსაც იგივე პრობლემა აწუხებთ . სასწავლებლამდე მისვლაში მათაც ორმაგი რაოდენობის თანხა ეხარჯებათ.

დავით წიწილაშვილი 20 წლის სტუდენტი:

-“ილიას უნივერსიტეტის სტუდენტი ვარ.ვცხოვრობ ავლაბარში. რეისების შემცირებამდე ჩემი სახლიდან უნივერსიტეტამდე რამდენიმე ნომერი მიდიოდა, დღეს  კი ისინი მხოლოდ კოლმეურნეობის მოედნამდე მისიან, მე კი 2 ტრანსპორტის გამოცვლა მიწევს. ამაში კი ორმაგ თანხას ვხარჯავ.  ახლა კი თბილისის მოსახლეობას კიდევ ერთი პრობლემა ეატებათ. ახალი წლიდან სამარშრუტო ტაქსების საფასურიც მოიმატებს და  მეტროს საფასური შესაძლოა 1 ლარამდე ავიდეს.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიას რეისების სქემის შეცვლასთან დაკავშირებით კონკრეტული პასუხი არ აქვს. ზოგი ამბობს, რომ შემცირდა ის რეისები, რომლებზეც მოთხოვნა არ იყო, ხოლო სხვები მიზეზად “იკარუსის” ტიპის ავტობუსების ვადაგასვლას ასახელებს. პასუხი არ გვაქვს, მაგრამ შედეგი სახეზეა. ახალი წლიდან თბილისელებს მგზავრობისას შედარებით დიდი თანხის გადახდა მოუწევთ. თბილისის მერია და თბილისის სატრანსპორტო კომპანია კი უფრო მეტ მოგებას ნახავს.

სურათი გამოყენებულია http://www.ttc.com.ge

Posted in ახალი ამბები, საზოგადოება | Leave a Comment »

შემოქმედებითი ფაკულტეტის სტუდენტების პერსპექტივა

Posted by Elina Saakyan on December 30, 2010

თითქმის ერთი საუკუნის წინ დაიწყო თბილისში სტუდენტური ცხოვრება, საქართველოში და კავკასიაში პირველი უნივერსიტეტი 1918 წელს გაიხსნა. ამის შემდეგ, წლების განმავლობაში, თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი ერთადერთის სახელს ინარჩუნებდა, თუმცა წლების შემდეგ პირველს მეორე მოჰყვა, მეორეს – მესამე და უნივერსიტეტების რიცხვიც ქვეყანაში საგრძნობლად გაიზარდა. გაჩნდა ბევრი შემოქმედებითი ფაკულტეტი, სადაც დღეს საკმაოდ ბევრი სტუდენტი სწავლობს. ჩვენ, ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტები, დავინტერესდით, რას ფიქრობენ სტუდენტები, რომლებმაც შემოქმედებითი პროფესიები აირჩიეს, რა ელით მათ შემოქმედებით კარიერას და რა პერსპექტივები აქვთ მათ სწავლის დასრულების შემდეგ. ამისათვის კონსერვატორიასა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტს ვესტუმრეთ.

ანა ნუროშვილი- თეატრმცოდნეშოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი, მე-2 კურსი

ბავშვობიდან მომწონდა ჩემ მიერ არჩეული პროფესია. ვფიქრობ, თეატრმცოდნეობა ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და მრავალფეროვანი მიმართულებაა ჩვენს უნივერსიტეტში. გადაწყვეტილება ნაჩქარევად არ მიმიღია, სულ მინდოდა თეატრალურში მესწავლა. უკმაყოფილო ნამდვილად არ ვარ, სტუდენტები ხშირად ამბობენ, რომ მათ უფრო მეტი სურთ და მეტს ელოდნენ, მაგრამ ჩვენ ძალიან კარგი აკადემიური პერსონალი დაგვხვდა და სწავლისთვის კარგი პირობები გვაქვს. შემიძლია დავასახელო რამდენიმე გამორჩეული ლექტორი, მაგ: ლევან ხეთაგური და გია ცქიტიშვილი, რომლებმაც კიდევ უფრო შემაყვარეს ჩემი პროფეია. პრობლემა სულ სხვაა- ჩვენს ქვეყანაში თეატრმცოდნეებს დასაქმების ძალიან მცირედი შანსები აქვთ. ეს ყველაფერი მე კარგად ვიცი, მაგრამ მაქსიმალურად შევეცდები ჩემი თავის რეალიზებას ამ სფეროში, რადგან სხვა პროფესიაში საკუთარი თავი ნამდვილად ვერ წარმომიდგენია. საქართველოში ბევრი პრობლემაა, რაც თეატრს ეხება, მაგალითად, ხშირად მინახავს სპექტაკლზე მისული ადამიანები, რომლებიც აბსოლუტურად მოუმზადებლები არიან წარმოდგენის სანახავად. მთავარი პრობლემა მაინც ის არის, რომ თეატრს ნაკლები ყურადღება ეთმობა სახელმწიფოს მხირადან და, იმედია, მალე ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება.


გიორგი ყაჭაშვილი- პიანისტი
კონსერვატორია, მე-4 კურსი
16 წლის ვიყავი, როცა კონსერვატორიაში ერთ-ერთ კონცერტზე მოვხვდი და მაშინვე გადავწყვიტე, რომ აქ ჩამებარებინა. ამ ნაბიჯს დგესაც არ ვნანობ, რა თქმა უნდა, ვიცი, რომ რომ ეს სპეციალობა პერსპექტიული არ არის ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად ჩემი ცხოვრება მუსიკის გარეშე ვერ წრმომიდგენია. Mმუსიკა – ჩემი ცხოვრებაა. ისიც ვიცი, რომ შეიძლება აქ კარიერა ვერ შევიქმნა, მაგრამ ჯერ უნდა ვისწავლო, მაგისტრატურაშიც ჩავაბარო და ამის შემდეგ, თუ არაფერი შეიცვალა, ალბათ, უცხოეთში წავალ. საქართველოში ლექტორადაც რომ დაიწყო მუშაობა, მაინც ერთ ადგილას გაიყინები, ასე რომ.. უცხოეთში უფრო სხვა სურათია, იქ სტუდენტებს ხშირად აქვთ კონცერტები, უკრავენ ორკესტრთან ერთად, მაშინ, როცა მე ჯერ არცერთხელ არ მქონია კონცერტი. ასე რომ, თუ მდგომარეობა არ შეიცვლება, სავარაუდოთ, გერმანიაში მომიწევს წასვლა.
თინათინ ჯუგლიძე- კონსერვატორიის საშემსრულებლო ფაკულტეტის, ფორტეპიანოს მიმართულების უფროსი ლაბორანტი.
ჩვენს მიმართულებაზე ყოველწლიურად, დაახლოებით, 10-15 სტუდენტს ვიღებთ, წელს 18 მეოთხეკურსელი გვყავს, ხოლო 10 პირველკურსელი. სამწუხაროდ, საქართველოში დასაქმების პერსპექტივა, ალბათ, ნაკლებია. ჩვენი სტუდენტები ხშირად აგზავნიან თავიანთ მონაცემებს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში და თითქმის ყველა ცდილობს კარიერა  საზღვარგარეთ გააგრძელოს, ვინც საქართველოში რჩება, ძირითადად, სკოლებში მუშაობას იწყებს ან კონსერვატორიაშივე რჩება და უკვე თავად ასწავლის მომავალ თაობას. ასეთია დღევანდელი რეალობა, ვნახოთ, დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს.

სურათები გამოყენებულია http://www.google.com

Posted in კულტურა, საზოგადოება | Leave a Comment »

 
Follow

Get every new post delivered to your Inbox.